მიხეილ სარჯველაძე, რომელიც თვეების განმავლობაში დიუშენის სამკურნალო წამლებთან დაკავშირებით მხოლოდ რისკების შესახებ საუბრობდა, ახლა ამბობს, რომ “ორთან დაკავშირებით ნაკლები კითხვები არსებობს”. ეს განცხადება სარჯველაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ ირაკლი კობახიძე დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა და საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.
კობახიძესთან შეხვედრას ესწრებოდა მიხეილ სარჯველაძეც.
“არ არის მარტივი ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან საუბარია ოთხი ტიპის მედიკამენტზე, რომელთა ირგვლივ სტატუსიც, მდგომარეობაც, განწყობაც, პოტენციალიც, გადაწყვეტილების მიღების მზადყოფნაც კი აბსოლუტურად თვისებრივად განსხვავებულ ეტაპზეა.
დასახელებული მედიკამენტებიდან ორთან დაკავშირებით ნაკლები კითხვები არსებობს და სხვასთან მიმართებაში მეტია ეს კითხვები და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს აუცილებლად საჭიროებს ძალიან დეტალურ ანალიზს.
[…] იყო საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხებოდა, მაგალითად, პოლიტიკოსების მხრიდან ამის არასწორად გამოყენებას და ა.შ. ბუნებრივია, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ უპირველესად, ჩვენ, ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი საიმისოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება რეალურად სასარგებლო თითოეულ იმ პაციენტისთვის, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს ასეთი გადაწყვეტილებები.
უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ გვექნება ასეთი შეხვედრა. ამ საკითხებზე კიდევ გაგრძელდება მსჯელობა და, როგორც ეს დასაწყისშიც აღინიშნა, რაწამს იქნება მზად გადაწყვეტილება მისაღებად, რა თქმა უნდა, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”, – ამბობს სარჯველაძე ვიდეოომენტარში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მშობლებთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
დღეს, 3 ივნისს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ირაკლი კობახიძე შეხვდა. კობახიძესთან შეხვედრას მშობლები რამდენიმე თვეა ითხოვდნენ, ბოლო 44 ღამე კი ამ მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციის წინ, ღია ცის ქვეშ მორიგეობით გაათენეს. მთავრობის ადმინისტრაციამდე მშობლები აქციებს მართავდნენ ჯანდაცვის სამინისტროსთანაც, უფრო ადრე კი, თითქმის 2 წლის განმავლობაში, წამლების შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჰქონდათ მიხეილ სარჯველაძესთან.
“ბატონმა ირაკლი კობახიძემ ჩვენგან, მშობლებისგან მოისმინა არსებული პრობლემები“, – ეს არის კობახიძესთან პირველი შეხვედრის შედეგი. მშობლების ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრაზე კობახიძემ მოუსმინა მათ და დაგეგმა მომდევნო შეხვედრა ხვალ, 4 ივნისის საღამოს, ან მაქსიმუმ ზეგ, 5 ივნისის დილით. მშობლებს იმედი აქვთ, რომ მომდევნო შეხვედრაზე საუბარი უკვე შეეხება კონკრეტულ მედიკამენტებს და იმას, თუ როგორ შეიძლება მათი ქვეყანაში შემოტანა მაქსიმალურად მოკლე დროში.
