ირაკლი კობახიძე არასერიოზულს უწოდებს იმ ფაქტს, რომ გერმანიის პრეზიდენტს ამ დრომდე არ ჩაუბარებია მისგან წარგზავნილი ელჩის რწმუნებათა სიგელი.
საუბარია ალექსანდრე კარტოზიაზე, რომელიც კობახიძემ გერმანიაში საქართველოს ელჩად გასული წლის სექტემბერში, ანუ 8 თვის წინ დანიშნა. დიპლომატიური პროტოკოლის მიხედვით, ელჩმა მასპინძელ სახელმწიფოს უნდა ჩააბაროს მისი ქვეყნის ხელმძღვანელი პირისგან რწმუნებათა სიგელი – ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ კონკრეტული ადამიანი ნამდვილად არის დიპლომატიური მიზნით წარგზავნილი ამა თუ იმ ქვეყანაში.
8 თვის განმავლობაში გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კობახიძის წარგზავნილი ელჩს არ შეხვდა, არ გაიცნო და არ ჩაიბარა მისგან რწმუნებათა სიგელი.
“გერმანული ხელუსუფლების ეს ნაბიჯები, მე ვიტყოდი, არის არასერიოზული. ისეთივე არასეროზული, როგორიც არის გერმანიის ელჩი საქართველოში და მისი ქმედებები. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. თან, საქმე ეხება გერმანიას, რომელიც ისტორიულად გამოირჩეოდა როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ეს პრინციპები სადღაც გაქრა, რაც არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო.
ვებ-გვერდზეც კი რომ ვერ ახერხებენ ინფორმაციის განახლებას, ეს უკვე სრულიად არასერიოზულია, არაფერს ვამბობ, რა თქმა უნდა, ბევრ სხვა ქმედებაზე. ელჩისთვის შეხვედრის არჩანიშნვაც არის, რა თქმა უნდა, ამის მორიგი გამოხატულება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გერმანიაში საქართველოს საელჩოს ფეისბუქ-გვერდზე პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია კარტოზიას მონაწილეობის შესახებ სხვადასხვა ღონისძიებაში. ეს ზოგჯერ მუსიკალური საღამოა, ზოგჯერ ეროვნული კინოცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. თუმცა საჯარო წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, გერმანიაში მუშაობის 8-თვიანი პერიოდის განმავლობაში ჰქონდა თუ არა ოფიციალური შეხვედრა ალექსანდრე კარტოზიას გერმანიის ოფიციალურ პირებთან, ან პოლიტიკურ ლიდერებთან.
66 წლის ალექსანდრე კარტოზია პროფესიით ფილოლოგია. ის ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს – 1998-2004 წლებში იყო საქართველოს განათლების მინისტრი. 2004 წლიდან საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც აკადემიურ სფეროში მუშაობს.
