სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ხელმძღვანელობით მოქმედმა ბლოკმა „სომხეთი“ ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, მრავალათასიანი მიტინგი გამართა, სადაც სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკური ნაბიჯები გააკრიტიკა რუსეთთან ურთიერთობაში.
ღონისძიება საპარლამენტო არჩევნების წინ მიმდინარე სააგიტაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.
მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ ბლოკის საარჩევნო სიის ლიდერები, მათ შორის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ქოჩარიანი. თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წინააღმდეგ არის მიმართული, სომხეთის ეკონომიკას მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.
„სომხეთს ულტიმატუმი წაუყენეს: გადაწყვიტეთ, ვის მხარეს ხართ. ეს ჩვენი ხალხისთვის უკვალოდ არ ჩაივლის. თუ ეს ხელისუფლება დარჩება, სომხეთის ეკონომიკა ღრმა კრიზისში აღმოჩნდება“, – განაცხადა მან.
ქოჩარიანმა გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტის განცხადება და თქვა, რომ ხელისუფლება ცდილობს სომხეთი რუსეთის მტრად აქციოს და ქვეყანას უკრაინის გზით მიაქანებს.
„ჩვენ გვჭირდება მოკავშირეობრივი ურთიერთობები რუსეთთან და ასევე ძალიან კარგი ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-თან. ეს შესაძლებელია – საჭიროა მხოლოდ შეწყდეს დიდი სახელმწიფოების წინააღმდეგობებზე თამაში“, – თქვა მან.
ულტიმატუმი სომხეთს – რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ან ЕАЭС-ში დარჩენაზე
გამოსვლების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ერევნის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა გამართეს.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობს 18 პოლიტიკური ძალა – 16 პარტია და 2 პარტიული ბლოკი. მათ შორის არიან პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“, ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ და ნარეკ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით შექმნილი ბლოკი „ძლიერი სომხეთი“.
ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში ხმის მიცემის უფლება 2 485 232 მოქალაქეს აქვს.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპარლამენტო არჩევნებს დსთ-ის 120 წარმომადგენელი დააკვირდება. ასევე დაგეგმილია დამკვირვებლების მისია ეუთო/ოდირის (ODIHR/OSCE) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მხრიდან.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
