სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ერთი მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. უწყებაში განმარტავენ, რომ ის დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღების ადა უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.
დაკავებულს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრებით, ისე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით შექმნილი ქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძებების ჩატარებასაც.
საყურადღებოდა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქნიამობას”, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ, სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ.
გამოძიება მიმდინარეობას სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეზე მუშაობენ სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები.
