აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება განცხადებით ეხმაურება “შერიგებასთან დაკავშირებით” ქართველი პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების უკანასკნელ გამოსვლებს და  “ცუდ” მაგალითად მოჰყავს აჭარა, რომელმაც “იდენტობა და პოლიტიკური სუბიექტურობა დაკარგა”.

სოხუმი აცხადებს, რომ ქართული მხარის განცხადებები გარდაუვალი „გაერთიანების“ შესახებ აფხაზი ხალხის სუვერენული ნებისა და აზრის ყოველგვარი გათვალისწინების გარეშე ჟღერს, სადაც იკვეთება აფხაზეთის მცირერიცხოვანი ხალხის არსებობისა და თვითგამორკვევის უფლების იგნორირება.

“ჩვენთვის თვალსაჩინო და ტრაგიკული მაგალითია აჭარის ბედი, რომელმაც ფაქტობრივად დაკარგა თავისი იდენტობა და პოლიტიკური სუბიექტურობა, რეალური უფლებების მქონე ავტონომიური ერთეულის სახით პოლიტიკური რუკიდან გაქრა. აფხაზეთის რესპუბლიკისთვის მსგავსი შთანთქმის სცენარი კატეგორიულად მიუღებელია”, – აცხადებენ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.