აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ვრცელი განცხადებით ეხმაურება საქართველოს “პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სასულიერო პირების ბოლო საჯარო განცხადებებს, რომლებიც თბილისში გამართული საზეიმო ღონისძიებების დროს გახმიანდა”.

“მორიგი დეკლარაციები „მომავალი გაერთიანებისა“ და „შერიგების“ შესახებ, რომლებიც მშვიდობისმოყვარე რიტორიკის ფორმითაა შეფუთული, შესაძლოა გარე დამკვირვებლისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მშვიდობისკენ სწრაფვად გამოიყურებოდეს. თუმცა აფხაზეთში ეს შეფარული თეზისები აღიქმება მხოლოდ რეალური საფრთხეებისა და ჩვენი ხალხის ისტორიული გამოცდილების ჭრილში”.

რამდენიმე დღის წინ პატრიარქმა შიომ იქადაგა  აფხაზებთან და ოსებთან დიდ შერიგებაზე, ქვეყნის გამთლიანებასა და დევნილების დაბრუნებაზე. პატრიარქმა განაცხადა, რომ “მხოლოდ ადამიანური ძალისხმევით შეუძლებელია ეს და ღვთის მადლი და ძალა სჭირდება” ამ მიზნის მიღწევას.

სოხუმი აცხადებს, რომ ქართული მხარის განცხადებები გარდაუვალი „გაერთიანების“ შესახებ ჟღერს აფხაზი ხალხის სუვერენული ნების და აზრის ყოველგვარი გათვალისწინების გარეშე.

“მეტიც, მათში მკაფიოდ იკვეთება ჩვენი მცირერიცხოვანი ხალხის არსებობისა და თვითგამორკვევის უფლების იგნორირება.

ჩვენთვის თვალსაჩინო და ტრაგიკული მაგალითია აჭარის ბედი, რომელმაც ფაქტობრივად დაკარგა თავისი იდენტობა და პოლიტიკური სუბიექტურობა, რეალური უფლებების მქონე ავტონომიური ერთეულის სახით პოლიტიკური რუკიდან გაქრა. აფხაზეთის რესპუბლიკისთვის მსგავსი შთანთქმის სცენარი კატეგორიულად მიუღებელია”.

როგორც დე ფაქტო საგარეო უწყებაში აცხადებენ, თუ თბილისის განზრახვები მართლაც მშვიდობიანი და გულწრფელია, თუ საქართველოს ხელმძღვანელობა ფუნდამენტურ ნაბიჯებს გადადგამს კეთილი ნების დასადასტურებლად, თბილისმა უნდა აღიაროს ისტორიული დანაშაული – “რეალური ნდობისკენ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის აქტებზე პასუხისმგებლობისა და დანაშაულის ოფიციალური აღიარება”.

ასევე, როგორც აფხაზური მხარე ამბობს, ცივილიზებული მეზობლობისკენ ერთადერთი გზა აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებასა და თანასწორუფლებიანი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე გადის.

ასევე, როგორც სოხუმი აცხადებს, პირობაა, რომ თბილისმა შეწყვიტოს “მრავალწლიანი საბოტაჟი და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას საქართველოს მხრიდან სამხედრო მოქმედებების განუახლებლობის საერთაშორისო გარანტიების შესახებ, რომელიც დააფიქსირებს, რომ ნებისმიერი დავა მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყდება”.

“ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ სახიფათო დუალიზმს. „მშვიდობიანი“ ლოცვებისა და პოლიტიკური გამოსვლების ფონზე საქართველო აგრძელებს თავისი შეიარაღებული ძალების ინტენსიურ მოდერნიზაციას და იღებს დასავლური შეიარაღების ყველაზე თანამედროვე ნიმუშებს. სცენარები, რომლებიც საქართველოში რეგულარულ სამხედრო სწავლებებზე მუშავდება, ეჭვს არ ტოვებს: თბილისი კვლავაც განიხილავს და ააქტიურებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალისმიერი დაპყრობის გეგმებს. აშკარაა, რომ „მითიური გაერთიანების“ კონცეფციის უკან იმალება იგივე რევანშისტული გეგმა-  ხუთმილიონიანი სახელმწიფოს მორიგი აგრესია მცირერიცხოვანი აფხაზი ხალხის წინააღმდეგ”.

განცხადების ბოლოს სოხუმი მოუწოდებს ქართველ პოლიტიკურ და რელიგიურ მოღვაწეებს, უარი თქვან “ყალბ რიტორიკასა და ილუზიებზე”.