უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტისას ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის გამოყოფილი 16,4 მილიარდი ევროს განბლოკვას მიაღწია.

ეს იმაზე მეტია, რისი მოლოდინიც ბრიუსელში, და თვითონ მადიარს ჰქონდა.

„ჩვენი მიზანია პოსტ-კოვიდური აღდგენისა და მდგრადობის ფონდის (RRF) ფარგლებში უნგრეთისთვის დარჩენილი 10.4 მილიარდი ევროს მოზიდვა. მე არ ვამბობ, რომ 100%-ით შეგვიძლია მისი მოზიდვა, მაგრამ ყოველი ცენტი, რომლის მოზიდვასაც შევძლებთ, უნგრეთის ეკონომიკის აღსადგენად არის საჭირო“, — განაცხადა მადიარმა მანამდე RTL Klub-თან ინტერვიუში.

დღეს, ევროკომისიის პრეზიდენტსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორის მოლაპარაკებების შემდეგ კი, ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე რეფორმებისა და განხორციელებული ინვესტიციების საფუძველზე, ევროკავშირი უნგრეთისთვის 10 მილიარდ ევროს განბლოკავს, ხოლო ე.წ. შეკავშირების ფონდებიდან დამატებით —  4.2 მილიარდ ევროს. უნგრეთი ეტაპობრივად გააუქმებს საზოგადოებრივი ინტერესების ნდობის ფონდებს და მიიღებს კანონმდებლობას ინტერესთა კონფლიქტისა და კეთილსინდისიერების წესების მოსაგვარებლად აკადემიურ სფეროში, რის საფუძველზეც კიდევ 2.2 მილიარდი ევრო განიბლოკება.

„12 აპრილი კიდევ ძალიან დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. იმ დღეს უნგრელმა ხალხმა საკუთარი მომავალი თავად განკარგა. მათ აირჩიეს ევროპა და დემოკრატია. მას შემდეგ მხოლოდ რამდენიმე კვირა გავიდა, თუმცა უნგრეთში ცვლილებების ძლიერი ქარი უკვე იგრძნობა“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთის მიმართ სტრუქტურული რეფორმების მოთხოვნა ძალაში რჩება, განსაკუთრებით კორუფციისა და სახელმწიფოს მიტაცების წინააღმდეგ საბრძოლველად.

„ეს რეფორმები ასევე გზას უხსნის მილიარდობით ევროს დაფინანსებას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გაყინული იყო. ჩვენ შევთანხმდით მყარ არქიტექტურაზე, რათა უზრუნველვყოთ უნგრეთში კორუფციისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. უნგრეთმა გადაწყვიტა, შეუერთდეს ევროპის პროკურატურას (EPPO). თქვენ დასთანხმდით „კეთილსინდისიერების ორგანოს“ გაძლიერებას, რათა მას ჰქონდეს რეალური ძალა კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის გამოსავლენად. თქვენ, ასევე, გადახედავთ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონს, რათა აღიკვეთოს თაღლითობა და დაცული იყოს გადამხდელთა ფული. ყურადღება მიაქციეთ იმ სტრუქტურებს, რომლებიც სახელმწიფოს მიტაცების მაღალ რისკს შეიცავდა — საზოგადოებრივი ინტერესების ნდობის ფონდები, რომლებიც უნგრეთის ეკონომიკის სულ უფრო დიდ ნაწილს მოიცავდა, ეტაპობრივად გაუქმდება. ეს არის ძლიერი სიგნალი, რომ უნგრეთი ახალ ფურცელს შლის. მხოლოდ რამდენიმე კვირაში თქვენ წინ წაწიეთ დიდი ხნის დაგვიანებული რეფორმები“, — მიმართა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მადიარს.

კიდევ ერთი შეთანხმების მიხედვით, მომავალი აკადემიური წლიდან, უნგრელი სტუდენტები  „ერასმუსის“ პროგრამებში დაბრუნდებიან.

ბრიუსელთან მიღწეულ შეთანხმებას მადიარმა ისტორიული უწოდა და მზადყოფნა გამოთქვა, გააგრძელოს თანამშრომლობა უნგრელი ხალხისა და ყველა ევროპელის ინტერესების გათვალისწინებით.

მან ხაზი გაუსვა, რომ ვიქტორ ორბანი იტყუებოდა, როდესაც ევროპული თანხების გაყინვას იდეოლოგიურ საკითხებს და უკრაინის ომს უკავშირებდა მაშინ, როდესაც შეთანხმება ანტიკორუფციული ზომების მიღებას საჭიროებდა.

„ეს ისტორიული დღეა. ბრიუსელში უფრო ხშირად ჩამოვალ, თუ ყოველ ჯერზე ამდენი ფულით დავბრუნდები უკან“, — თქვა მადიარმა.

ამასთან, როგორც მადიარმა, ისე ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თანხების განბლოკვა კავშირში არ არის უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კლასტერის გახსნაზე უნგრული ვეტოს მოხსნასთან. მადიარმა თქვა, რომ ამის სანაცვლოდ უკრაინას ზაკარპატიეს რეგიონში უნგრული უმცირესობის ენობრივი და საგანმანათლებლო უფლებების საკითხის მოგვარებაზე ელაპარაკება.

ევროკომისიაში მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე მადიარი ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შეხვდა და პირობა დადო, რომ უნგრეთი „კვლავ გახდება მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სამხედრო-თავდაცვითი ალიანსის საიმედო პარტნიორი“.

„გენერალურ მდივანს ვაცნობე, რომ უნგრეთი რუსეთ-უკრაინის ომში იარაღსა და საბრძოლო აღჭურვილობას არ გაგზავნის“, — დასძინა, ამავდროულად, მადიარმა.