European Centre for Press and Media Freedom („პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი“, ECPMF) „Meydan TV-ის საქმის“ ფარგლებში დაკავებული ჟურნალისტის, აითაჯ ტაპდიქის (აჰმედოვა) შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ბაქოს, გაათავისუფლოს ის და ყველა დაკავებული ჟურნალისტი.
პატიმარი ჟურნალისტების რაოდენობით აზერბაიჯანი ერთ-ერთი ლიდერია – CPJ
ECPMF მოუწოდებს აზრბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს Meydan TV-ის ჟურნალისტი აითაჯ ტაპდიქი, გააუქმოს მისი დედისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა და შეწყვიტოს ოჯახის მიმართ ყველა სახის დევნა.
„აითაჯი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ქვეყანაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების ფარგლებში. მის მიმართ განხორციელებული ზეწოლა ახლა უკვე მის ოჯახსაც შეეხო. მის დედას, დილრუბა ამანოვას, ორჯერ შეუშალეს ხელი ბერლინში მცხოვრები მეორე ქალიშვილის მოსანახულებლად ქვეყნიდან გასვლაში. მიუხედავად იმისა, რომ მან მიიღო ინფორმაცია ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის მოხსნის შესახებ და ახალი ბილეთიც შეიძინა, 12 მაისს ის კვლავ დააკავეს აეროპორტში“, – აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
ECPMF-მა ასევე განაცხადა, რომ ჟურნალისტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და მუქარებსაც აწყდებოდა. ცენტრი მოითხოვს, აღნიშნული ბრალდებები დაუყოვნებლივ და დამოუკიდებლად იყოს გამოძიებული.
მედიის თავისუფლების ცენტრმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს აითაჯ ტაპდიქი და ყველა ჟურნალისტი, რომლებიც პროფესიული საქმიანობის გამო არიან დაკავებული.
