ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, შსს-ს გაუგზავნეს ინფორმაცია იმ მოქალაქის შესახებ, რომელმაც 42 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი ხის მერქანი უკანონოდ მოიპოვა. შემთხვევა ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოხდა.
სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
“სამართალდამრღვევმა 42 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი სოფელ ხელედში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დაასაწყობა, ხოლო შემდეგ, პირად მფლობელობაში არსებული მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ცდილობდა ტრანსპორტირებას.
ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაიგზავნა შესაბამის საგამოძიებო უწყებაში. უკანონოდ მოპოვებული და დასაწყობებული ხე-ტყე, ასევე, სპეცტექნიკა და სატრანსპორტო საშუალება გადატანილი იქნება ლენტეხის სოფელ ლესემის “საქმიან ეზოში”, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები პატრულირებას ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. მიზანი ტყის მონიტორინგი და კონტროლის გამკაცრებაა. უწყების ცნობით, ეს პროცესი ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.
“ნებისმიერ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე ტარდება კანონმდებლობით დადგენილი ზომები”, – აცხადებენ სატყეო სააგენტოში.
