26 მაისის აქციის „პიკაპის“ მძღოლი ირაკლი დუდაშვილი, რომელსაც დაჯარიმების შემდეგ მოქალაქეებმა 22 485 ლარი შეუგროვეს, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო კომენტარში აცხადებს, რომ თავს ოპოზიციის ალიანსის მიერ მოტყუებულად გრძნობს.
პარტია „დროა“ ვარაუდობს, რომ ის იზოლირებულია და ძალადობის მსხვერპლია.
ირაკლი დუდაშვილი თავს მოტყუებულად გრძნობს, რადგან არ იცოდა, სად მიდიოდა.
„არ ვიცოდი, სად მივდიოდი. ინფორმაცია მქონდა, რომ კონცერტივით უნდა ჩატარებულიყო. 51-ე სკოლის უკან შესასვლელი რომ არის, მანდ დადეს ეგ დინამიკები და გამოვედი იქიდან. 2-3 კილომეტრი არის გასავლელი, აქვეაო. მანქანაზე დარჩება დინამიკებიო და 2-3 საათის მერე წამოვალთო უპრობლემოდ. შევედი ამ მანქანით და მერე უკვე უკანა გასასვლელი გზაც ჩაიკეტა და მოვხვდი ხალხში“, — ამბობს, „იმედის“ ცნობით, ირაკლი დუდაშვილი.
მისი თქმით, შუშანა მაცაბერიძეს ესაუბრებოდა. მაცაბერიძე, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ გუშინდელი აქციისთვის მანქანა მან იქირავა და დაუკავშირდა მძღოლს.
„თანხას აგროვებდნენ, გვიან ღამე გავიგე, მაგაზეც დავურეკე და ვუთხარი, არ მინდა-მეთქი“, — ამბობს ირაკლი დუდაშვილი „იმედთან“.
„დროას“ ინფორმაციით, „პიკაპის“ მძღოლს მას შემდეგ ვერ უკავშირდებიან, რაც თანხის შეგროვება შეწყდა.
„თითქმის ყველა აქციაზე ვქირაობთ მანქანას, რომელზეც დევს გახმოვანების სისტემა. დღეს დილით აქციის „პიკაპის“ მძღოლს, ირაკლის, დავეხმარეთ მანქანის გამოყვანაში საჯარიმო სადგომიდან, გადავუხადეთ საჯარიმო სადგომის საფასური, გადავუხადეთ კუთვნილი ანაზღაურება, წამოვიღეთ ჩვენი ტექნიკა. მას შემდეგ, რაც თანხის შეგროვება შეწყდა, ირაკლის ვეღარ დავუკავშირდით.
უკვე 4-5 საათია უშედეგოდ ვცდილობთ მასთან დაკავშირებას. დიდი ალბათობით, ის იზოლირებული ჰყავს მოძალადე სისტემას და არ აძლევს ჩვენთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. ვაგრძელებთ მასთან დაკავშირების მცდელობას“, — დაწერა სოციალურ ქსელში გიგა ლემონჯავამ.
მისი თქმით, როგორც გორში იძალადა სისტემამ უდანაშაულო ხალხზე და შემდეგ მსხვერპლი დააკავეს, სავარაუდოდ, ასეთივე ძალადობის მსხვერპლია გუშინდელი აქციის „პიკაპის“ მძღოლი, რომელსაც „ტყუილებს ალაპარაკებენ“.
„ასე ექცევა სისტემა უდანაშაულო ახალგაზრდა კაცს, რომელიც ელემენტარული შემოსავლის მისაღებად მძიმედ შრომობს. ჯერ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წაართვეს ავტომობილი, მართვის მოწმობა, რაც მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, და შემდეგ ძალადობის გამოყენებით აიძულებენ მათთვის სასურველი ყალბი ინფორმაციის გავრცელებას. ამ დროისთვის ვცდილობთ ვითარებაში გარკვევას“, — წერს ლემონჯავა.
მისი თქმით, ყველა ადამიანთან, ვინც ერთი ლარი მაინც ჩარიცხა ირაკლის დასახმარებლად, ოპოზიციის ალიანსი თავს ანგარიშვალდებულად გრძნობს და თუ მასთან კონტაქტი ვერ მოხერხდა, აპირებენ, თანხა პოლიტპატიმრების მხარდაჭერის ფონდში გადარიცხონ.
26 მაისს 1000 ლარით დააჯარიმეს მძღოლი, რომელმაც ოპოზიციის ალიანსის მიერ ორგანიზებულ აქციაზე დინამიკები მიიტანა. გარდა ამისა, მას 1 წლით ჩამოართვეს მართვის მოწმობა.
პოლიციამ მის წინააღმდეგ ოქმი შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, გზის გადაკეტვას, მაშინ, „როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული”.
მომხდარიდან მალევე ოპოზიციის ალიანსმა გაავრცელა განცხადება და საზოგადოებას მძღოლის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ეს მანქანა მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ამიტომ ახლა განსაკუთრებით სჭირდება მხარდაჭერა. პრაქტიკულად, 1 წელი რჩება შემოსავლის გარეშე, რუსული რეჟიმის შურისძიების გამო. ერთად დავეხმაროთ, ვისაც გული შეგვტკივა. ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია!“ — ამ განცხადების შემდეგ, „პიკაპის“ მძღოლის დასახმარებლად 22 485 ლარი შეგროვდა.
