ახალი ამბები

ამერიკის ხელისუფლების კოშმარული სიზმარი

29 ნოემბერი, 2010 • • 1344
ამერიკის ხელისუფლების კოშმარული სიზმარი

ამერიკის ხელისუფლების საშიში და კოშმარული სიზმარი – გუგლის საძიებო სისტემა ამ ფრაზას ვიკილიკსს უკავშირებს.

ამერიკის დიპლომატიური კორპუსის კონფიდენციალური მასალა, რომელთა უმრავლესობა გასული სამი წლის მანძილზეა გაგზავნილი ვაშინგტონში დეპეშის თუ წერილის სახით, კულისებს მიღმა უპრეცედენტო გარიგებებს ააშკარავებს. უცხოელი ლიდერების გულწრფელი მოსაზრებები და ბირთვული და ტერორისტული საფრთხის გულახდილი შეფასებები – ეს ის მასალაა, რომელიც ვიკილიკსმა გამოაქვეყნა.

ამ დროისთვის ამ დოკუმენტების მოძიება უშუალოდ საიტზე ვერ ხერხდება. საიტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ინტერნეტ გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა. თუმცა დოკუმენტების შინაარსის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს თითქმის ყველა მედიასაშუალებით ვრცელდება.

უამრავი მედიასაშუალებიდან მხოლოდ რამდენიმეს აქვს ვიკილიკსის დოკუმენტები. საიტმა მსოფლიოს ხუთ გამოცემას გაუგზავნა მის ხელთ არსებული მასალები.

ნიუ იორკ ტაიმსი (აშშ), გარდიანი (ინგლისი), ელ პაისი (ესპანეთი), შპიგელი (გერმანია), ლე მონდე (საფრანგეთი) – ეს ის ბეჭდური გამოცემებია, რომლებსაც ვიკილიკსის დოკუმენტები აქვთ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული აშშ–ს 270 საელჩოს გზავნილენიდან  251 287 – ვიკილიკსში მოხვდა. აქედან 50 ათასზე მეტი დოკუმენტი, როგორც გარდიანი წერს, ობამას ადამინისტრაციის პერიოდშია გაგზავნილი.

გარდიანის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე დაჯამებულია ის ინფორმაცია, რომელიც მათ ვიკილიკსმა მიაწოდა:251 287 გზავნილი, აქედან 97 070 დოკუმენტი „კონფიდენციალურია“, 28 760 „pter“ – ტერორიზმის პრევენციისთვის;ყველაზე ძველი მასალა 1966 წლითა არის დათარიღებული, უმეტესობა (56 813) -2009 წლით.

ნიუ იორკ ტაიმსი წერს, რომ  აშშ–ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ პირებს იმისათვის უკავშირდებოდა, რომ  ისინი დოკუმენტების მოსალოდნელი გახსნის შესახებ გაეფრთხილებინა.

ამას გარდა, თეთრი სახლი „უპასუხისმგებლოს და საშიშს“ უწოდებს, მათი თქმით, „მოპარული“ მასალების გამოქვეყნებას. „ზოგიერთმა კაბელმა, თუ ის სრულად იქნება გავრცელებული, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს, კონფიდენციალურ წყაროებს“, – ციტატას ნიუ იორკ ტაიმსი აქვეყნებს.

ვაჭრობა გუანტანამოს ციხის პატიმრებზე

„მოდი მოვრიგდეთ“,– ასეთი იყო დიპლომატიური კორპუსის შეთავაზება სხვა ქვეყნებისთვის გუანტანამოს ციხიდან პატიმრების სხვა ქვეყნებში გადაყვანის შესახებ. სლოვენიას უთხრეს, თუ სურდათ, რომ ობამას შეხვედროდნენ, ქვეყანას პატიმრები უნდა მიეღო.  ბელგიისთვის შეთავაზება კი ასეთი იყო: „ბელგიისთვის ეს იქნება იაფი საშუალება, გახდეს ცნობილი ევროპაში“.

გუანტანამოს ციხიდან საქართველოში პატიმრების გადმოყვანის შესახებ ნიუ იორკ ტაიმსი არაფერს წერს.

ავღანეთის მთავრობის კორუფციაზე

შარშან ავღანეთის ვიცე პრეზიდენტის გაერთიანებულ ემირატებში ვიზიტისას აღმოაჩინეს, რომ მას თან  52 მილიონი დოლარი ნაღდი ფული ჰქონდა. ამერიკის საელჩო ქაბულში წერს: „დიდი ოდენობის თანხით“ მას ნება დართეს, თანხა შეენახაა, ხსნა–განმარტების გარეშე – თუ საიდან აქვს ფული.

ტერორიზმზე

საუდი კვლავ რჩება ისეთი დაჯგუფების მთავარ დამფინანსებლად, როგორიც ალქაიდაა. „ყატარის უსაფრთხოების სამსახური ვერ წყვეტს ტერორისტების წინააღმდეგ მოქმედებას, ამერიკასთან შესაძლო შეუსაბამობის გამო”.

ბერლუსკონი –პუტინი

2009 წელს ამერიკელი დიპლომატები ვლადიმერ პუტინისა და ბერლუსკონის ურთიერთობის შეასახებ წერენ, როგორც „ძალიან ახლო ურთიერთობაზე“, რაც  საჩუქრებსაც გულისხმობს.

ნიუ იორკ ტაიმსი წერს, რომ მათ არ გამოაქვეყნეს ის დოკუმენტები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან  ინფორმატორთა კონფიდენციალობას და სახელმწიფო უსაფრთხოებას  ეჭვქვეშ დააყენებენ. შესაბამისად, ის ინფორმაცია, რომელსაც ტაიმსი აქვეყნებს, მხოლოდ  იმ სკანდალური მასალების ნაწილია, რომელიც ვიკილიკსს აქვს.

ვიკილიკსი ლიდერებზე

იტალიის პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი – „უპასუხისმგებლო, არაეფექტური ლიდერი“;

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი – „ფრთხილი და ნაკლებად ორიგინალური“;

მედვედევი, პუტინი – 2008 წელს ამერიკის საელჩო მოსკოვში ქვეყნის ლიდერებს შემდეგნაირად ახასიათებს: დიმიტრი მედვედევი რობინია, ვლადიმერ პუტინი – ბეტმენი (ცნობილი ფილმების– ბეტმენის და რობინის– ორი მთავარი პერსონაჟი).

საქართველოს შესახებ

საქართველოს შესახებ ვიკილიკსის ხელთ არსებული მასალების შესახებ დღეს ქართული მედია და რამდენიმე ბლოგი წერს. მათ შორის, ბლოგი „მატიანე“, სადაც გამოქვეყნებულია  ვიკილიკსის ინფორმაცია საქართველოს შესახებ.

მათ შორის:

„საქართველოს ოფიციალური პირები, რომლებიც თავდასხმაზე არიან პასუხისმგებლნი, არ იყვნენ ქვეყანაში. საქართველომ მობილიზაცია 7 აგვისტოს დაიწყო.  როდესაც ოსურმა მხარემ ქართულ სოფლებს ცეცხლი გაუხსნა, მხოლოდ მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება ცხინვალის აღების შესახებ“.

ასევე, ნათქვამია, რომ გრიგოლ ვაშაძე ელჩებს უგზავნიდა ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის მხრიდან ცეცხლის გახსნის შესახებ და ატყობინებდა, რომ დაიღუპა ერთი ქართველი მშვიდობისმყოფელი და დაიჭრა რამდენიმე.

საქართველოს შესახებ ვიკილიკსის მასალები  სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ბლოგებით ვრცელდება.

აქამდე ვიკილიკსის გახმაურებული საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც საიტმა გამოაქვეყნა, ერაყის ომს ეხებოდა.

 

მასალა მომზადებულია, ბიბისის, ნიუ იორკ ტაიმსის, გარდიანის, სიენენის მიხედვით. ასევე, გამოყენებულია ქართული ბლოგიდან “მატიანე” მასალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი