კლუბი სინერგია, რომელიც რთული ქცევის მქონე მოზარდებთან და ახალგაზრდებთან მუშაობდა, უფასო სერვისებს აჩერებს. როგორც კლუბში განმარტავენ, ამის მიზეზი “ქართული ოცნების” მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებია.

“2019 წელს ევროკავშირის მხარდაჭერით ფონდმა “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი” შექმნა “კლუბი სინერგია” – სივრცე, რომელიც წლების განმავლობაში უფასო, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ, ფსიქოსოციალურ დახმარებას უწევს 14-25 წლის ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს.

სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული მიზეზების გამო, 2026 წლის ივნისიდან “კლუბი სინერგია” ვეღარ შეძლებს უფასო მომსახურების გაგრძელებას. ეს ძალიან მძიმე და გულდასაწყვეტი რეალობაა მთელი გუნდისთვის.

შვიდი წლის შემდეგ კლუბი სინერგიის გუნდი ფასიან სერვისზე გადადის, თუმცა ჩვენი მისია და ღირებულებები უცვლელი რჩება – ხარისხიანი, გულისხმიერი მომსახურება უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

მადლობას ვუხდით ყველა მოზარდსა და ახალგაზრდას, ოჯახს და პარტნიორს ნდობისა და თანამშრომლობისთვის. თითოეულ თქვენგანთან ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გამზრდელი იყო და რჩება. იმედს ვიტოვებთ, რომ თანდათან შევძლებთ – საფასურის გარეშე – კლიენტების შეზღუდულ რაოდენობას მაინც მოვემსახუროთ. სინერგიის მომსახურების ახალ პირობებს მალე შემოგთავაზებთ”, – წერია განცხადებაში.

“სინერგია” უფასო ფსიქოსოციალურ დახმარებას უწევდა 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც მოიხმარენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, მიდრეკილები არიან აზარტული თამაშებისკენ, აქვთ რთული ქცევები თანატოლებთან ამ უფროსებთან ურთიერთობისას, აგრესიულია ან ავლენს სხვა ემოციურ პრობლემებს, აქვს მძიმე დანაკარგი ან სხვა ტრავმა და ა.შ. “სინერგიაში” სპეციალისტები მუშაობდნენ როგორც ინდივიდუალურად მოზარდებთან, ისე მათ მშობლებთან და ოჯახებთან.

2024, 2025 და 2026 წლის განმავლობაში საქართველოში არაერთი კანონი მიიღეს, რომელმაც უკიდურესად გაართულა კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, ხოლო დაფინანსების მიღება მთავრობის ნებართვის გარეშე შეუძლებელი გახადა.

მაგალითად, 2024 წელს მიიღეს რუსული კანონი, რომელიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ, “უცხოური გავლენის” მქონე ორგანიზაციების რეესტრში.

2025 წელს გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით დაწესდა ვალდებულება, რომ ნებისმიერი უცხოური გრანტის მიღება წინასწარ უნდა შეთანხმდეს მთავრობასთან ან შესაბამის უწყებასთან. დაურეგისტრირებელი გრანტის შემთხვევაში ორგანიზაციას ემუქრება გრანტის ორმაგი ოდენობის ჯარიმა.

2026 წლის იანვარ-თებერვალში დაანონსებული და მიღებული ცვლილებებით, ნებისმიერი უცხოური ფინანსური მხარდაჭერა „პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტივობისთვის“, რომელიც მთავრობასთან შეთანხმებული არ არის, შესაძლოა 6-დან 9 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს.