“მთელი ზამთარი არ მინახავს დედაჩემი, ვფიქრობდი, ამ წელს თუ გადაიტანდა, ძალით გადმოვიყვანდი აქეთ. არ მოდიოდა. არც ჩემთან მოდიოდა და არც ჩემს დასთან. სახლი არ დატოვა. მამაჩემმა როგორც უთხრა, შეუსრულა სიტყვა. არსად წახვიდეო და არსად წავიდა”, – გვეუბნება ვალია ვანიშვილის შვილი, ნანა ვანიშვილი.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვალია ვანიშვილისა და მისი ქმრის, დათა ვანიშვილის, სახლი საოკუპაციო ხაზსა და მავთულხლართებს მიღმა მოექცა, მიწის ნაკვეთის ნაწილი კი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა. მიუხედავად ამისა, ცოლ-ქმარს კერა არ მიუტოვებია და სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ სახლში დარჩნენ.

დათა ვანიშვილი, იგივე დათა პაპა, 2021 წლის 19 მარტს, 88 წლის ასაკში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში გარდაიცვალა. დათა პაპას გარდაცვალების შემდეგ ვალიამ 5 წელი მარტომ გაატარა, წყლისა და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე.
ვალია ვანიშვილი 17 მაისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. „ამის შესახებ რუსებმა შეგვატყობინეს და მე 18 ში ჩამოვედი”, — ამბობს დათო ცერცვაძე, ვალიას შვილიშვილი.

გასვენებაში ნათესავებსა და ოჯახის წევრებს გამყოფი ხაზის გადაკვეთის უფლება მისცეს. საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ხურვალეთში მავთულხლართზე გადებული ფიცრულის დახმარებით გადავიდა მისი ნათესავი, ჟუჟუნა ცერცვაძეც.


დათო იხსენებს, რომ ვალია სიზმარში ნახულობდა დათა პაპას, ამბობდა, მასთან წასვლა მინდაო. ვალია ვანიშვილი სახლთან ახლოს, ოკუპირებული ხურვალეთის ერთ-ერთ ქედზე, მისი ქმრის გვერდით დაკრძალეს.

მძიმე პირობების გამო, საოკუპაციო ხაზთან ვალიასა და დათას შვილები მარტოები ვერ იცხოვრებენ, თუმცა სახლის სამუდამოდ მიტოვებას არ აპირებენ: „ჩემს სახლს სამუდამოდ არ მივატოვებ, აქ დაბადებულ-გაზრდილი ვარ, ბავშვობა აქ გამიტარებია და მაინც არ მივატოვებ ჩემს სახლს”, — ამბობს ვალიას შვილი, ნინო ვანიშვილი.

სანამ არასრულწლოვანი იყო, დათო ხშირად იპარებოდა ბებოს და პაპას სანახავად, მაგრამ რაც გაიზარდა, ვეღარ ახერხებდა. ახლაც იმედი აქვს, დადგება დღე, როცა მავთულხლართების გადალახვის გარეშე შეეძლება ბებია-პაპის დანატოვარ სახლში დაბრუნება.

ვანიშვილების ოჯახი საოკუპაციო რეჟიმთან ბრძოლის სიმბოლოდაა ქცეული.

ავტორი: ქეთევან ხუციშვილი
