18-მა ევროპარლამენტარმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას მიმართა, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ ტელეკომპანია „იმედის“ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანია შეისწავლონ და შეაფასონ არის თუ არა გამართლებული შემდგომი ზომების მიღება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილს პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა ავრცელებს, რომელიც ინიციატივის ავტორია.

ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ გამოძიება უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) ფარგლებში ჩატარდეს.

ევროპარლამენტარების მიმართვაში მაგალითად მოყვანილია ევროკავშირში სანქცირებული კრემლისტური მედიასაშუალებები და აღნიშნულია, რომ ეს პრეცედენტები პირდაპირკავშირშია „იმედთან“, ვინაიდან საქმე ეხება არა ჩვეულებრივ სარედაქციო მიკერძოებას არამედ კრემლის ნარატივებისა და რუსული სტილის დეზინფორმაციული ტექნიკების სისტემურ გაძლიერებას.

„ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი ევროპარლამენტის წევრები, მოგმართავთ წერილით, რათა გამოვხატოთ ჩვენი სერიოზული შეშფოთება ტელეკომპანია „იმედის“ როლთან დაკავშირებით სისტემური დეზინფორმაციის, კრემლის ნარატივებისა და რუსული სტილის საინფორმაციო მანიპულაციების გავრცელებაში, აგრეთვე ამ მოვლენების გავლენაზე საქართველოზე, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაზე.

ეს ინიციატივა ასახავს ევროპარლამენტში სხვადასხვა პარტიას შორის მზარდ შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული საინფორმაციო გარემოს გაუარესების გამო, რაც მოიცავს დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას, თავდასხმებს ევროკავშირის წარმომადგენლებზე და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) უფრო ფართო რეგიონულ-უსაფრთხოებრივ შედეგებს.

საერთაშორისო და ევროპული ინსტიტუტების, მათ შორის ეუთოს მოსკოვის მექანიზმისა და ევროკომისიის 2025 წლის საქართველოს შესახებ ანგარიშის ბოლოდროინდელი მიგნებები მიუთითებს, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაცია, კოორდინირებული თავდასხმები დემოკრატიულ აქტორებზე და მანიპულაციური ნარატივები არ არის იზოლირებული შემთხვევები, არამედ უფრო ფართო და სულ უფრო სისტემური ხასიათის ნაწილია. ეს ნარატივები ხშირად იმეორებს კრემლის დამკვიდრებულ დეზინფორმაციულ მეთოდებს: ევროკავშირის წარმოჩენას ეროვნული სუვერენიტეტის საფრთხედ, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას, თითქოს ის უცხოეთიდან კონტროლდება, თავდასხმებს დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე და დემოკრატიული რეფორმებისა და ევროინტეგრაციის წარმოჩენას არასტაბილურობის წყაროდ.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ტელეკომპანია „იმედის“ როლი ამ ეკოსისტემაში. საჯარო ანგარიშები და მონიტორინგი მიუთითებს მუდმივ ანტიევროპულ კონტექსტზე, ევროპელ წარმომადგენლებსა და პარტნიორებზე თავდასხმებზე და გზავნილებზე, რომლებიც თანხვედრაშია რუსული სტილის ნარატივებთან და კრემლის დეზინფორმაციულ მოდელებთან. როგორც ჩანს, მსგავსი შინაარსის კონტენტი მიზნად ისახავს ევროკავშირის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შელახვას, საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერის შესუსტებას და დემოკრატიული საინფორმაციო სივრცის პოლარიზაციას იმ მეთოდების შესაბამისად, რაც რეგიონის სხვა ნაწილებში უცხოური საინფორმაციო მანიპულაციების ფართო ტაქტიკის სახით შეინიშნება.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ევროკავშირს წარსულშიც მიუღია ზომები იმ მედიასუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სისტემურ დეზინფორმაციასა და საინფორმაციო მანიპულაციებში. 2022 წელს საბჭომ შეაჩერა RT/Russia Today-ისა და Sputnik-ის მაუწყებლობა, რადგან ისინი მიიჩნია რუსეთის მიერ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული უწყვეტი და შეთანხმებული დეზინფორმაციული კამპანიის ინსტრუმენტებად. 2024 წელს საბჭომ მიიღო დამატებითი ზომები Voice of Europe-ისა და მასთან დაკავშირებული იმ აქტორების მიმართ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროკრემლისტური დეზინფორმაციისა და მანიპულაციური პოლიტიკური გავლენის ოპერაციების გავრცელებაში.

ეს პრეცედენტები პირდაპირკავშირშია განსახილველ საკითხთან, ვინაიდან საქმე ეხება არა ჩვეულებრივ სარედაქციო მიკერძოებას ან ლეგიტიმურ პოლიტიკურ კრიტიკას, არამედ კრემლის ნარატივებისა და რუსული სტილის დეზინფორმაციული ტექნიკების სისტემურ გაძლიერებას, რასაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ მედეგობას, საზოგადოებრივ ნდობას და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.

სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ FIMI-ს (უცხოური საინფორმაციო მანიპულაცია და ჩარევა) ჩარჩო წარმოადგენს შესაბამის ანალიტიკურ და სამართლებრივ ინსტრუმენტს შეფასებისთვის. FIMI ევროკავშირს აძლევს შესაძლებლობას, შეაფასოს საინფორმაციო მანიპულაციის კოორდინირებული მოდელები, მათ შორის სტრატეგიული განზრახვა, გაძლიერების მეთოდები, პოლიტიკური თანხვედრა, მფლობელობის სტრუქტურები და უფრო ფართო დესტაბილიზაციის ეფექტი დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და საზოგადოებრივ დისკურსზე. მოცემულ შემთხვევაში, მსგავსი შეფასება აუცილებელი ჩანს იმ ნარატივების განმეორებითი გავრცელების გათვალისწინებით, რომლებიც ემთხვევა კრემლის საინფორმაციო გავლენის ოპერაციებთან ასოცირებულ მოდელებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პატივისცემით მოვუწოდებთ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს და საბჭოს, განახორციელონ ტელეკომპანია „იმედისა“ და მასთან დაკავშირებული აქტორების ოფიციალური სამართლებრივი და ფაქტობრივი შეფასება უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის ჩარჩოს ფარგლებში, და შეაფასონ, არის თუ არა გამართლებული შემდგომი ზომების მიღება ევროკავშირის სამართლებრივი სტანდარტებისა და კანდიდატ ქვეყნებში დემოკრატიული მედეგობის დაცვისადმი კავშირის ერთგულების შესაბამისად“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

კშიშტოფ ბრეიზას ინიციატივას ევროპარლამენტარები 5 სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან უერთედებიან. ესენი არიან:

  • მიხალ ვავრიკიევიჩი (Michał WAWRYKIEWICZ) — EPP
  • რიჰარდს კოლსი (Rihards KOLS) — ECR
  • მარტა ვცისლო (Marta WCISŁO) — EPP
  • პინა პიჩიერნო (Pina PICIERNO) — S&D
  • დაინიუს ჟალიმასი (Dainius ŽALIMAS) — Renew
  • ელისაბეტა გუალმინი (Elisabetta GUALMINI) — Renew
  • რაინჰოლდ ლოპატკა (Reinhold LOPATKA) — EPP
  • ვერონიკა ციფროვა ოსტრიჰონიოვა (Veronika CIFROVÁ OSTRIHOŇOVÁ) — Renew
  • რასა იუკნევიჩიენე (Rasa JUKNEVIČIENĖ) — EPP
  • პეტრას აუშტრევიჩიუსი (Petras AUŠTREVIČIUS) — Renew
  • ნატალი ლუაზო (Nathalie LOISEAU) — Renew
  • მარკეტა გრეგოროვა (Markéta GREGOROVÁ) — Greens/EFA
  • მირიამ ლექსმანი (Miriam LEXMANN) — EPP
  • ლუკაშ კოჰუტი (Łukasz KOHUT) — EPP
  • ონდჟეი კრუტილეკი (Ondřej KRUTÍLEK) — ECR
  • ლიუდას მაჟილისი (Liudas MAŽYLIS) — EPP
  • ბრანდო ბენიფეი (Brando BENIFEI) — S&D

პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედს“ ევროპარლამენტში საქმიანობა 1 წლით აეკრძალა. ევროპარლამენტისგან გაფრთხილება მიიღო კიდევ ორმა პროსახელისუფლებო ტელევიზიამ — „რუსთავი 2-მა“ და „პოსტივიმ“, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპარლამენტში არსებული მედიის ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში, აკრძალვა მათაც შეიძლება შეეხოთ.

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზაა იმ ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც „იმედის“, „რუსთავი 2-ისა“ და „პოსტივისთვის“ ევროკავშირის ინსტიტუტებში აკრედიტაციის შესაძლო გაუქმებასა და მათ სანქცირებას ითვალისწინებს.