სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ცნობით, კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ირანიდან საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით ნარკოტიკების დიდი პარტიის გადატანას ცდილობდა.

ოფიციალური ინფორმაციითვე, რამდენიმე დღის წინ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „აგარაკში“ შევიდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მართავდა და წარმოდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტების თანახმად, ავტომობილს სამშენებლო ფილები გადაჰქონდა, ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი კი საქართველო იყო.

შემოსავლების კომიტეტის შესაბამისად, საბაჟო კონტროლის ფარგლებში სატვირთო მანქანას რენტგენული შემოწმება ჩაუტარდა, თუმცა პირველადი დათვალიერებისას საეჭვო გამოსახულებები ან დამალული ტვირთის არსებობა არ დაფიქსირებულა.

“საბაჟო კონტროლი გაგრძელდა სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს კინოლოგიური სამსახურის სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით. ძაღლმა ნარკოტიკული ნივთიერებების არსებობის ნიშნები სატვირთო მისაბმელის მარჯვენა და მარცხენა ნაწილებში გამოავლინა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ავტომობილი სამხრეთის ტერმინალის საბაჟო საწყობში გადაეყვანათ უფრო დეტალური შემოწმებისთვის.

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა და სახელმწიფო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო კონტროლის განმახორციელებელმა დანაყოფებმა, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მისაბმელის მეტალის ნაწილები დაშალეს. შედეგად აღმოჩნდა სპეციალურად მოწყობილი და შედუღებული საიდუმლო სათავსოები, სადაც დამალული იყო ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიშის“ 111 ცალკეული პაკეტი, საერთო ჯამში დაახლოებით 28 კილოგრამი“, – იუწყება სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი.

კომიტეტის ცნობითვე, ნარკოტიკების კონტრაბანდაში ეჭვის საფუძველზე ირანის მოქალაქე დააკავეს და სიუნიქის საგამოძიებო სამმართველოს გადასცეს. ამასთან, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

“მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ინციდენტის ყველა გარემოების, ასევე შესაძლო კრიმინალური კავშირებისა და ორგანიზატორების დასადგენად”.