ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი მსხვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის გენერალური დირექტორი გახდა.
კომპანიის ვებ-გვერდზე წერია, რომ დავითაშვილი გენერალური დირექტორად დანიშნა სოკარმა, მას შემდეგ, რაც Italiana Petroli-ის აქციების 99.82% შეისყიდა. აზერბაიჯანულმა სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარმა Italiana Petroli საერთაშორისო API Holding-სგან შეისყიდა.
დავითაშვილი უხელმძღვანელებს Italiana Petroli-ის ოპერაციებს იტალიაში. მისი მოვალეობა იქნება ოპერაციული უწყვეტობის უზრუნველყოფა, ეროვნულ ენერგეტიკულ ბაზარზე მისი პოზიციების შენარჩუნება და განმტკიცება. გარდა ამისა, დავითაშვილის პასუხისმგებლობა იქნება Italiana Petroli-ის ინტეგრაცია სოკარში.
ლევან დავითაშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2012 წლიდან 2025 წლამდე მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობდა. 2012 წელს მან მუშაობა ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორობიდან დაიწყო და 2025 წელს, ვიცე-პრემიერობით დაასრულა. ვიცე-პრემიერობის პარალელურად, ის იყო იყო ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი, უფრო ადრე კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
სამთავრობო პოსტის დატოვების შემდეგ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ირაკლი კობახიძის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში. 2025 წლის სექტემბერში ის ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, “ბლექ სი პეტროლიუმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
2026 წლის თებერვალში დავითაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. მასთან ერთად გამოკითხვაზე იმყოფებოდა ენერგეტიკის განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი ჩიქოვანი. მაშინ სუს-ში განაცხადეს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნებთან კითხვები ჰქონდათ ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. გამოკითხვის დასრულების შემდეგ დავითაშვილმა განაცხადა, სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს კითხვები ჰქონდა ევროპის გაზით მომარაგებაში საქართველოს მონაწილეობასთან და მასთან დაკავშირებულ რისკებზე. სუს-ში გამოკითხვიდან მეორე დღესვე, 18 თებერვალს, დავითაშვილმა საქართველო დატოვა.
“ჩვეულებრივ მიწევს ხოლმე საქმის გამო ვიზიტები თითქმის ყოველ კვირას და ახლაც დაგეგმილი ვიზიტი მქონდა. კვირის ბოლოს ვბრუნდები, შემდეგ კვირას ისევ მიწევს წასვლა… რეალური ინფორმაცია ესაა”, – უთხრა მან გამოცემა BM.ge-ის ქვეყნის დატოვების შემდეგ.
