უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა რუსეთის ელჩი ევგენი სტანისლავოვი დაიბარა დრონებით თავდასხმის გამო უკრაინის ზაკარპატიას ოლქზე, სადაც ეთნიკური უნგრელებიც ცხოვრობენ.
ამის შესახებ უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა.
მადიარის თქმით, რუსული დრონების შეტევა, რომელიც 13 მაისს განხორციელდა და ზაკარპატიას შეეხო, ომის დაწყებიდან მოყოლებული ყველაზე მასშტაბური იყო. უნგრელი რკინიგზელები, რომლებიც თავდასხმის მომენტში საზღვართან ახლოს, ჩოპის სადგურზე იმყოფებოდნენ, იძულებულნი გახდნენ თავშესაფრებისთვის შეეფარებინათ თავი.
მადიარმა განაცხადა, რომ მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ზაკარპატიაზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადიარის სიტყვებს „მნიშვნელოვანი გზავნილი“ უწოდა.
„მოსკოვმა კვლავ აჩვენა, რომ ის საერთო საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მეზობელი ქვეყნებისა და მთლიანად ევროპისთვის“, — დაწერა ზელენსკიმ.
Telex-ის ცნობით, რომ პრემიერ-მინისტრის რეაქცია წინა მთავრობასთან შედარებით „საკმაოდ მკვეთრ შემობრუნებას“ ნიშნავს. უნგრეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო ხშირად იბარებდა დასავლეთის ქვეყნების ელჩებს მათი პოლიტიკოსების განცხადებების გამო პრეტენზიების წარსადგენად, თუმცა რუსეთის ელჩი მაშინაც არ დაუბარებიათ, როცა 2022 წელს ცნობილი გახდა, რომ რუსმა ჰაკერებმა უნგრეთის საგარეო უწყების საინფორმაციო სისტემები გატეხეს.
