ლონდონის სამეფო ოპერის თეატრმა კირ სტარმერს მოუწოდა, ჩაერიოს მსოფლიოში ცნობილი ბანის, პაატა ბურჭულაძის საქმეში, რომელიც საქართველოში ოქტომბრიდან არის დაპატიმრებული “ქვეყნის ავტორიტარული ლიდერის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების მეთაურობის ბრალდებით” – ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელსაც ბრიტანული The Guardian აქვეყნებს.
71 წლის მომღერალს შესრულებული აქვს პარტიები სამეფო ოპერის თეატრსა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში; იგი თანამშრომლობდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ლუჩანო პავაროტი, პლასიდო დომინგო და ხოსე კარერასი.
“გარდიანის” სტატიის თანახმად, ის საქართველოს დედაქალაქ თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მისვლის შემდეგ დააკავეს. გასულ კვირას მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც, როგორც ბურჭულაძემ სასამართლოზე აღნიშნა, მისი ასაკის გათვალისწინებით, სამუდამო პატიმრობის ტოლფასია.
“გასულ შემოდგომაზე ბურჭულაძე მთავრობის მიერ დასავლური კურსიდან გადახვევის წინააღმდეგ მიმართული ღამის აქციების გამაერთიანებელ ფიგურად იქცა. ის ხშირად მღეროდა მომიტინგეებისთვის სატვირთო მანქანის ძარიდან ყინვაში, ხოლო 4 ოქტომბერს წაიკითხა დეკლარაცია, სადაც აცხადებდა, რომ „ძალაუფლება უბრუნდება ხალხს“ და მთავრობას „არალეგიტიმური“ უწოდა.
მოგვიანებით ის ცხრა სხვა პირთან ერთად დააკავეს მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ ძალადობის ორგანიზების ბრალდებით, რომელსაც რეალურად საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მართავს.
ივანიშვილი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა. 2024 წელს, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო, ის აშშ-ის სანქციების სამიზნე გახდა”, – წერს ბრიტანული გამოცემა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში, სამეფო ოპერის კასტინგის დირექტორი, პიტერ კატონა აცხადებს, რომ ბურჭულაძე „ისჯება სხვების გასაფრთხილებლად, ვინც რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევას გაბედავს“.
ის წერს: „გწერთ, რათა დაუყოვნებლივ მივაპყრო თქვენი ყურადღება მსოფლიოში ცნობილი ქართველი ოპერის მომღერლისა და ჩვენი ძვირფასი მეგობრის, პაატა ბურჭულაძის მდგომარეობას, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს პრორუსული, ავტორიტარული რეჟიმი საქართველოში.
ბატონი ბურჭულაძის მიმართ წაყენებული ბრალდებები სრულიად გაყალბებული და უკანონოა. ის იდევნება მხოლოდ და მხოლოდ მმართველი რეჟიმის მიმართ მისი კრიტიკული პოზიციის გამო.“
კატონამ სტარმერს აცნობა, რომ ბურჭულაძეს გამორჩეული კარიერა ჰქონდა სამეფო ოპერის თეატრში და 1984 წლის დებიუტის შემდეგ, წლების განმავლობაში, არაერთხელ გამოსულა მათ სცენაზე. „ჩვენ ასევე განვიხილავდით მის კვლავ მოწვევას, მათ შორის მომავალში უფრო ასაკოვან როლებშიც,“ – აღნიშნა მან.
„სამწუხაროდ, პაატა ბურჭულაძე ახლა იმ 100-ზე მეტ პოლიტპატიმარს შორისაა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. ბოლო დროს გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო 300-ზე მეტმა განაცხადა წამებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ.
თქვენი ყურადღება და სოლიდარობა ძალიან ბევრს ნიშნავს საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელიც თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული მომავლის შენარჩუნებისთვის იბრძვის,“ – განაცხადა კატონამ.
გარდიანის ცნობით, სამეფო ბალეტსა და ოპერას დაუნინგ სტრიტიდან პასუხი ჯერ არ მიუღია.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და „სადაც შესაფერისი იქნება, დააყენებს დაკავებულთა უფლებების, მათ შორის იურიდიულ დაცვასა და ოჯახთან კომუნიკაციაზე წვდომის უზრუნველყოფის მნიშვნელობის საკითხს“.
გარდიანი ასევე წერს, რომ თბილისში დაბადებული ბურჭულაძე ათ წელზე მეტია, საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი ცნობილი კამპანიის მონაწილეა და 2016 წელს ხანმოკლე პოლიტიკური პარტიაც დააარსა. იგი ასევე ასრულებდა გაეროსა და იუნისეფის (UNICEF) კეთილი ნების ელჩის მოვალეობას.
გასულ კვირას, განაჩენის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გაკეთებულ განცხადებაში, ბურჭულაძემ აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, რომ ჩემნაირი ცნობადი ფიგურები, რაც არ უნდა კომფორტულ პირობებში ვიმყოფებოდეთ, უნდა ვიდგეთ წინა ხაზზე და მაგალითს ვაძლევდეთ სხვებს სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში.“
სასამართლოში ერთ-ერთი წინა გამოსვლისას ბურჭულაძემ გააფრთხილა საზოგადოება, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოსა და დასავლეთს შორის „რკინის ღობეს“ აშენებდა.
ბრიტანეთის სამეფო ოპერის მოწოდებას გამოეხმაურა კრისტინა შეპელმანი, ბელგიის ეროვნული ოპერის, La Monnaie-ს გენერალური სამხატვრო ხელმძღვანელი ბრიუსელში.
ბელგიის პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში შეპელმანი წერს: „ნათელია, რომ ბატონი ბურჭულაძე სამართლიან სასამართლოს ვერ მიიღებს. სხვა პოლიტიკური პატიმრების მსგავსად, ირღვევა მისი ფუნდამენტური უფლებები და ის ისჯება სხვების გასაფრთხილებლად, ვინც რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევას გაბედავს.“
“ბურჭულაძე ერთ-ერთია საქართველოში იმ 114 ადამიანს შორის, რომლებსაც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ან პატიმრობა მიესაჯათ, ან წინასწარ დაკავებაში რჩებიან. რეჟიმის დემოკრატიული უკუსვლის შედეგად, ევროკავშირმა საქართველოს ბლოკში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა”, – წერს გარდიანი.
ეკა გიგაურმა, ანტიკორუფციული სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, განაცხადა: „ეს საქმეები აჩვენებს დასჯის მკაფიო სქემას, რომელიც მიზნად ისახავს მათი ხმის ჩახშობას, ვინც ეწინააღმდეგება მმართველი პარტიის პრორუსულ პოლიტიკას და მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე მშვიდობიანად იცავს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს.“
