რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ კალუგინი განაცხადა, რომ მოსკოვმა სომხეთს ძლიერი ატომური ელექტროსადგურის პროექტი შესთავაზა, რომელსაც, მისი თქმით, ქვეყნის ენერგეტიკული მოთხოვნების დაკმაყოფილება „ათწლეულების განმავლობაში, თუ არა საუკუნის განმავლობაში“ შეეძლება.

ТАСС-თან ინტერვიუში კალუგინმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო კორპორაცია “როსატომი” მზად არის სომხეთს შესთავაზოს ისეთი ატომური სადგურის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის დაბალ ტარიფებსაც შექმნის და ქვეყნის ინდუსტრიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

მისი თქმით, რუსეთი ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო ლიდერია და მზად არის სომხეთს გაუზიაროს როგორც ენერგეტიკული, ისე ციფრული ტექნოლოგიები. კალუგინმა მაგალითად დაასახელა რუსეთის ონლაინ-ბანკინგის სისტემა, სახელმწიფო სერვისებისა და ჯანდაცვის ციფრული პლატფორმები.

ამჟამად სომხეთში მიმდინარეობს მეწამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივების სამუშაოები, რაც სადგურის ფუნქციონირებას 2036 წლამდე გააგრძელებს.

ამასთან, სომხეთის ხელისუფლებამ უკვე დაადასტურა, რომ ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. წინასწარი გადაწყვეტილებით, ეს მცირე მოდულური რეაქტორის ტიპის ენერგობლოკი იქნება. პროექტზე მოლაპარაკებები სომხეთს ერთდროულად ხუთ ქვეყანასთან – აშშ-სთან, ჩინეთთან, რუსეთთან, საფრანგეთთან და სამხრეთ კორეასთან აქვს.

რუსეთის განცხადება ამ კონტექსტში აღიქმება როგორც მცდელობა, შეინარჩუნოს სტრატეგიული გავლენა სომხეთის ენერგეტიკულ სექტორზე იმ დროს, როდესაც ერევანი დასავლეთთან და სხვა ტექნოლოგიურ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოებას ცდილობს.

კალუგინის გზავნილები მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობას არ შეეხებოდა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასია რუსეთისთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონია“.

მისი თქმით, რუსეთი საკუთარ თავს მხოლოდ მეზობლად კი არა, „კავკასიურ სახელმწიფოდაც“ მიიჩნევს, რომელსაც რეგიონთან ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური კავშირები აკავშირებს. კალუგინმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის რუსეთი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და რეგიონზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტები გადის.

ინტერვიუში კალუგინი შეეხო კიდევ ერთ საკითხს – სომხეთის რკინიგზის რუსულ მართვას.

მან უარყო სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანი განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ სომხეთის რკინიგზის მართვა ქვეყანას კონკურენტულ უპირატესობებს აკარგვინებს.

ფაშინიანმა ადრე განაცხადა, რომ ზოგიერთი ქვეყანა სომხეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებას ერიდება სწორედ იმიტომ, რომ ის რუსეთის კონტროლქვეშაა. მან ასევე წამოაყენა იდეა, რომ სარკინიგზო ქსელის საკონცესიო მართვა შესაძლოა სხვა ქვეყანას გადასცემოდა, რომელსაც კარგი ურთიერთობები ექნებოდა როგორც სომხეთთან, ისე რუსეთთან.

მოსკოვმა ეს იდეა უარყო. კალუგინის თქმით, რუსეთმა წლების განმავლობაში დიდი ინვესტიციები განახორციელა სომხეთის რკინიგზის მოდერნიზაციაში და, პირიქით, სწორედ რუსული მართვა ქმნის სომხეთის კონკურენტულ უპირატესობებს.

მისივე განცხადებით, ეს საკითხი პირველ აპრილს რუსეთისა და სომხეთის ლიდერების მოლაპარაკებების დროსაც განიხილეს და შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელების ფორმატზე, მათ შორის რეგიონული კომუნიკაციების გახსნის მიმართულებით.