საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო III-ის არჩევის შემდეგ კვლავ დადგა დღის წესრიგში პროევროპული აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალების საკითხი. უფრო ზუსტად, რა პოზიცია ექნება საპატრიარქოს ამაზე და იშუამდგომლებს თუ არა ახალი პატრიარქი სინდისის პატიმრების შეწყალებაზე.
ამის შესახებ ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს მცხეთაში, შიო III-ის ინტრონიზაციაზე მისულ სასულიერო პირებს.
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა, ილარიონ ქიტიაშვილმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს პატიმრების შეწყალებას, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება.
“მე არა მაქვს ინფორმაცია. მე მგონი გადაიხედება. ახალი პატრიარქი, ალბათ, დააყენებს [ამ საკითხს]” – განაცხადა მიტროპოლიტმა.
“მე საერთოდ არა ვარ თანახმა ვინმე დაიჭირონ”, – განაცხადა სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ და შეწყალების შესახებ დაამატა – “შეწყალებაც იქნება და ყველაფერი იქნება თავის დროზე”.
პატიმრების სავარაუდო შეწყალების შესახებ ისაუბრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მან თქვა, რომ საპატრიარქო კვლავ დააყენებს ამ საკითხს დღის წესრიგში.
“მე ვთქვი, რომ ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან. გიდასტურებთ. ასე იქნება”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
დღეს, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ეს ინტრონიზაცია. მას საპატრიარქო მიტრა დაადგა ჭიათურისა და საჩხერის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა დანიელმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა შიო შიო მუჯირი პატრიარქად გუშინ, 11 მაისს აირჩია. მას მხარი დაუჭირა სინოდის 39 წევრიდან 22-მა. პატრიარქად არჩევამდე შიო III 9 წლის განმავლობაში იყო აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია II-ის მოსაყდრე.
