„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენენ: არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.

საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად „ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ენმ-ის და სხვა პარტიების ასაკრძალად იბრძოლებს, 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის წარდგინებით საქართველოს ელჩი გახდა სომხეთში, ხოლო იქამდე, 2010 წელს იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი. ამ კომისიამ შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც სუსტდებოდა პრეზიდენტის როლი, ხოლო ძლიერდებოდა – პარლამენტის, მთავრობისა და პრემიერის.
ენმ-ის მაშინდელი ოპოზიცია ეჭვობდა, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილი პრეზიდენტობის უფლებას მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ დაკარგავდა, გაძლიერებული პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა.

ოპოზიცია ამის დასაზღვევად ითხოვდა, კონსტიტუციაში ჩაწერილიყო, რომ მოქმედ პრეზიდენტს აღარ ჰქონოდა 5 წლით პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების უფლება, რაც კომისიამ არ გაიზიარა იმ არგუმენტით, რომ ეს იყო პერსონებთან დაკავშირებული საკითხი, რაც კონსტიტუციის რეგულირებას სცდებოდა.

თენგიზ შარმანაშვილის ბიოგრაფია მოკლედ: თენგიზ შარმანაშვილი არის სამი მოწვევის პარლამენტის წევრი. 1995-1999 წლებში ის იყო დეპუტატი „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ (ედპ) სიით. სხვადასხვა დროს შარმანაშვილი მუშაობდა სასამართლო სისტემაში, მათ შორის იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე (2004-2005 წწ) და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (2005-2006 წწ — სპეციალისტი; 2016 წელს — იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილების შტატგარეშე მოსამსახურე). 2006-2009 წლებში თენგიზ შარმანაშვილი იყო UNDP-ის პროექტის ექსპერტი. 2009-2010 წლებში  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყო, რის შემდეგაც, 2011 წელს, მიხეილ სააკაშვილის წარდგინებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დომინირებულმა პარლამენტმა სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაამტკიცა.