რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის, მიხაილ კალუგინის განცხადებით, ერევანმა სომხეთში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის „ანტირუსული განცხადებები“ უყურადღებოდ დატოვა.
ТАСС-თან ინტერვიუში კალუგინმა განაცხადა, რომ მოსკოვში ყურადღება მიაქციეს ზელენსკის ერევანში ვიზიტს, რომელიც, მისი თქმით, „ბრიუსელის მიერ იყო ინსპირირებული“.
„მოსკოვში, რა თქმა უნდა, დაფიქსირდა ვლადიმირ ზელენსკის ერევანში ვიზიტი და მისი ანტირუსული განცხადებები, რომლებიც სომხურმა მხარემ თითქოს არ შეიმჩნია“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
კალუგინის თქმით, სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანებისა და „სომხეთი-ევროკავშირის“ სამიტების ჩატარება ემთხვევა სომხური საზოგადოებისათვის „ევროპული მირაჟის“ შექმნის პოლიტიკას, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ.
„ბრიუსელში არავინ დაფიქრებულა სომხეთის ინტერესებზე, რომელიც ბოლო დრომდე უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით შედარებით ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობდა. ევროპელებმა სომხეთში საკუთარი რუსოფობიური დღის წესრიგი ჩაიტანეს და ერევანიც ამ პროცესში ჩართეს“, – განაცხადა კალუგინმა.
მისივე თქმით, საბოლოოდ სომხეთი ევროპული პოლიტიკური პროექტებისთვის „მოსახერხებელ პლატფორმად“ იქცა.
