დღეს, 11 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კათპლიკოს-პატრიარქად შიო მუჯირი აირჩია. მას სინოდის 39 წევრიდან 22-მა დაუჭირა მხარი.

შიო III-ეს პატრიარქად არჩევა მიულოცა პარტიებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა.

“გვჯერა, რომ ახალი პატრიარქის ხელმძღვანელობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსეულად გააგრძელებს ამ ისტორიულ მისიას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ერთიანობის, საზოგადოებრივი თანხმობის, სულიერი სიმშვიდის მიღწევისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების საქმეში”, – წერია განცხადებაში, რომელიც გამოაქვეყნდა კოალიციამ “ლელო – ძლიერი საქართველო”.

მისალოც განცხადებას ავრცელებს პარტია “გახარია საქართველოსთვის”.

“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს წარმატებას ვუსურვებთ ერის სულიერი გაძლიერების

უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში. გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია დარჩება მშვიდობის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საყრდენი”, -წერია პარტიის განცხადებაში.

გლდანის ციხიდან განცხადება გაავრცელა საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც. საკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ შიო III “მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან”.

“მსურს გისურვოთ, ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის”, – წერს სააკაშვილი.

შიო III-ს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა მილოცეს “ქართული ოცნების” ლიდერება. მათ შორის, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც მისალოცი განცხადება ცოლთან ერთად გამოაქვეყნდა.

“თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა. ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ აგრძელებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გზას, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში, ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა”, – წერია ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების განცხადებაში.

განცხადებები გაავრცელეს ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვლმა და მიხეილ ყაველაშვილმაც.

“გვწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია II”, – წერს კობახიძე.

“ღვთის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს მას. მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს. ყველას გილოცავთ ამ უდიდეს, ისტორიულ დღეს!” – წერს შალვა პაპუაშვილი.

“თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივკურთხეულ მსახურებას. დაე, თქვენი მოღვაწეობა იქცეს მრავალი კეთილი საქმის საფუძვლად ჩვენი ეკლესიის, სამშობლოსა და თითოეული თანამემამულისთვის. გულწრფელად გისურვებთ, ღირსეულად განაგრძოთ ერის მთავარი საყრდენის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მემკვიდრეობა”, – წერია მიხეილ ყაველაშვილის მისალოც განცხადებაში.

საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკატედრო ტაძარში გაიმართება.

ამავე თემაზე: