მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმას. საუბარია გუშინ, 9 მაისს მომხდარ ინციდენტზე – ჟურნალისტის ინფორმაციით, მას თავს დაესხა მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი მარგებაძე.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი ხდება მუქარის, ზეწოლისა და ძალადობის სამიზნე. წლების განმავლობაში, მის წინააღმდეგ არაერთი აგრესიული კამპანია მიმდინარეობდა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. დაუსჯელობა და ფორმალური მართლმსაჯულება არა თუ ვერ უზრუნველყოფს ჟურნალისტების დაცვას და ძალადობის ეფექტიან გამოძიებას, პირიქით, ახალისებს მსგავს დანაშაულებს და მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო საშიშ გარემოს ქმნის.

გელა მთივლიშვილი არის გამორჩეული პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში პრინციპულად აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და იძიებს კორუფციის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

საქართველოში მედიის გარემოს მძიმე გაუარესებას ადასტურებს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) შეფასებაც. მიმდინარე წლის მონაცემებით, ქვეყანამ მედიის თავისუფლების ინდექსში კიდევ 21 პოზიციით დაიხია უკან, ხოლო ბოლო წლებში ჯამურად – 75 პოზიციით, რაც „ქართული ოცნების“ პირობებში მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ზეწოლის ნათელი მაჩვენებელია.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს, რომელსაც სხვა პროფესიონალ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ურთულეს პირობებში უწევს საქმიანობა. ჟურნალისტებზე ძალადობის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს”, – წერია კოალიციის განცხადებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიციაში აცხადებენ, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა არა მხოლოდ მედის თავისუფლებს, არამედ დემოკრატიასაც აზიანებს და ხელს უშლის საზოგადოებას, მიიღოს თავისუფალი ინფორმაცია.

გელა მთივლიშვილმა მასზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა გუშინ, 9 მაისს. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გიორგი მარგებაძე გადაცემა “ღია სივრცის” დასრულების შემდეგ დაესხა თავს. მთივლიშვილი და მარგებაძე რამდენიმე წუთით ადრე ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ერთად ისხდნენ და საქართველოში ჰესების მშენებლობასა და მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდნენ.

მთივლიშვილის ინფორმაციით, მას დაზიანება აქვს სახეზე. პოლიციას თავად ჟურნალისტმა მიმართა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ეს მუხლი ჯარიმის, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის, ან შინაპატიმრობის გარდა 1 წლამდე ციხესაც ითვალისწინებს.