დღეს, 9 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ განუცხადა. პროკურორის განცხადებით, დაკავებული პირები, რომლებიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან, წაყენებულ ბრალს – უფლებამოსილების გადამეტებას – აღიარებენ.

ხაბეიშვილზე თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო სხდომა თავიდანვე დაიხურა. შესაბამისად ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა ვერც სხდომის დასაწყისში შეძლეს მასზე დასწრება.

ამასთან, საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო და ამ დრომდე უცნობია დაკავებულები ძალოვნების ვინაობა.

თავად პროკურორი სხდომის დახურვის მიზეზად პროცესის მონაწილეთა პირად უსაფრთხოებას ასახელებს და ამავა მიზეზით არც ბრალდებულთა ვინაობას ამხელს.

„ისინი აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს და დაეთანხმნენ მათ მიმართ პატიმრობას. ამ ეტაპზე ადვოკატები მათ არ ჰყავთ.

საქმის ინტერესების გათვალისწინებით, ასევე პროცესში მონაწილე პირთა პირადი უსაფრთხოების, მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გათვალისწინებით, სახელს და გვარებს ამ ეტაპზე“, – განაცხადა ლაშა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ მასზე თავდასხმაში პირად მონაწილეობდა მაშინდელი გდდ-ს უფროსი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), რომელიც მისი თქმით, ვიდეოს უღებდა და აიძულებდა, რომ დამამცირებელი სიტყვები ეთქვა, ამ დრომდე დაკავებული არაა, პროკურორი ამბობს, რომ თუ მტკიცებულებებით მოხდება სხვა შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება, მათ სამართლებრივი შეფასება მიეცემათ.

„საქართველოს პროკურატურა ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებს საგამოძიებო მოქმედებებს. მთელი ამ დროის განმავლობაში არაერთი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა, რის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულებები გახდა აღნიშნული პირების მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი. თუ იქნება მოპოვებული ის მტკიცებულებები, რითაც მოხდება სხვა შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება, ბუნებრივია, მათ სამართლებრივი შეფასება მიეცემათ.

ლევან ხაბეიშვილი თავდაპირველად დაბარებული იქნა საგამოძიებო უწყებაში, თუმცა მან საკუთარი სურვილით უარი განაცხადა გამოცხადებაზე და ინფორმაციის მიწოდებაზე. თუ მას სურვილი ექნება, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღოს, ბუნებრივია, გამოიკითხება”,- განაცხადა გამყრელიძემ.

7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

გენერალური პროკურორის განცხადებით, ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული 7 მაისს დააკავეს.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით აქვთს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით  ბრალად ედება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.