„სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ ხუთი ძალოვნისათვის ბრალის წარდგენაა“, — საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International მოძალადე ძალოვნების დაკავების ფაქტს ეხმაურება.
„2024 წლიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დარბევისას პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ძალადობრივ ქმედებებზე პასუხის გება ვერ დამთავრდება სამართალდამცავი ორგანოების მხოლოდ ხუთი თანამშრომლის დაკავებით — მით უფრო, 17 თვის დაგვიანებით. Amnesty International-მა აღრიცხა ძალის უკანონო გამოყენების, სავარაუდო წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ათეულობით შემთხვევა, ასევე მძიმე დაზიანებები, მათ შორის ძვლების მოტეხილობები, რაც მიაყენეს ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებით სარგებლობდნენ. მსგავსი მოპყრობის შესახებ ასობით დემონსტრანტმა განაცხადა. სამართლიანობა ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას ყველა ამ შემთხვევაზე.
მხოლოდ ეს ხუთი დაკავება თითქმის არაფერს ცვლის საქართველოში დაუსჯელობის ფართო სურათში. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ათეულობით შემთხვევა კვლავ ეფექტური გამოძიების გარეშე რჩება.
გამოძიება უნდა გავრცელდეს ყველა იმ პირზე, ვისაც შესაძლოა პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს. მათ შორის, მათზეც, ვინც ბრძანებები გასცა და მათზეც, ვინც ვერ შეასრულა ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილების ვალდებულება. აუცილებელია ანგარიშვალდებულება უზრუნველყოფილი იყოს მთელი სამეთაურო ჯაჭვის მასშტაბით და ყველა იმ ეპიზოდში, სადაც პოლიციის უკანონო ქმედებების შესახებ არის ინფორმაცია“, — განაცხადა დენის კრივოშეევმა, ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილემ.
7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
გენერალური პროკურორის განცხადებით, ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული დღეს დააკავეს.
