„ქართული ოცნების“ წევრები ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას წელსაც არ დაესწრნენ.

ბოლო წლებია „ქართული ოცნება“ ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში არ მონაწილეობს.

მივიდოდა თუ არა ევროკავშირის ელჩის ხელმძღვანელობით ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა:

„როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებას აწყობენ ელჩები, კონკრეტული ელჩი ამ შემთხვევაში, ასეთ დროს მთავრობა არის ან მიწეული, ან არ მონაწილეობს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს არის ტრაგიკული ადამიანი. მას ევალებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება, გაღრმავება და სინამდვილეში აკეთებდა ყველაფერს ამის საპირისპიროდ, იმიტომ რომ დავალება ჰქონდა ასეთი. ეს არის ტრაგიკული პიროვნება, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ ღონისძიებაზე მისვლის სურვილი თავად არ აქვს, თუმცა დააკვირდება, ევროპული ქვეყნის ელჩები ჩამოართმევენ თუ არა ხელს ღონისძიებაზე მისულ ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებსაც 26 მაისს აქცია აქვთ დაანონსებული.

„არანაირნი სურვილი არ მაქვს. ჩვენ შარშან ვიხილეთ, რომ ევროკავშირის საელჩომ ჩაატარა ანტი სამთავრობო მიტინგი 9 მაისს, როდესაც ევროკავშირის ელჩს ერთი სიტყვა არ დასცდენია მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 300 000 ქართველის შესახებ. რომ არა ეს მსხვერპლი, რომელიც გაიღო საქართველომ და ქართველმა ხალხმა მეორე მსოფლიო ომში, არანაირი ევროკავშირი, არანაირი ევროპის დღე იქნებოდა და არც არაფერი ექნებოდათ საზეიმო. ასე რომ, ვუყურებ, რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ, დღესაც იქნება ევროკავშირის მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი და ამ მიტინგში მონაწილეობის არანაირი სურვილი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს.

მეორე მხრივ, ერთი რამ მაინტერესებს, ვიხილავთ, თუ არა ამ თავყრილობაზე 4 ოქტომბრის მონაწილეებს, ხელისუფლების დამხობის თანაორგანიზატორებს პოლიტიკური მნიშვნელობით, ისინი, ვინც გვემუქრებოდნენ ჩვენ ნეპალით. აი, ეს ხალხი გამოჩნდება, თუ არა მათ ღონისძიებაზე, ხელს ჩამოართმევენ თუ არა ამ ხალხს და მაინტერესებს, 26 მაისს რომ დაანონსებული აქვთ კიდევ ერთი 4 ოქტომბერი, ის ხალხი თუ იქნება ამ წვეულებაზე და შეკრებაზე და ხელს თუ ჩამოართმევენ ამ ხალხს იმიტომ, რომ ეს ბევრ რამეს ქართველ ხალხს. აჩვენებს სინამდვილეში ვინ დგას საქართველოში სიძულვილის, ძალადობის, დაპირისპირებისა და რადიკალიზმის უკან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს, 9 მაისს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები ევროპის დღის აღსანიშნად ღონისძიებას ექსპო ჯორჯიაში მართავენ.

ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ სვლა შეაჩერა.

ელჩის განცხადებით, გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას და თაობების იმედს.