უნგრეთში ვიქტორ ორბანის სასარგებლოდ მოქმედი ზონდერების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
როგორც უნგრული მედია წერს, საარჩევნო კამპანიის დროს „შავებში ჩაცმული მამაკაცები“ ვიქტორ ორბანის მოწინააღმდეგეებს მასთან მიახლოებას უზღუდავდნენ და საკუთარ თავებს „შეშფოთებულ მოქალაქეებს“ უწოდებდნენ. უნგრული მედიის ცნობით, იყო შემთხვევები, როცა ზონდერები ვიქტორ ორბანის მოწინააღმდეგეებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
სწორედ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე, რომელიც 27 მარტს უნგრეთის ქალაქ გიორში ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანიის დროს მოხდა, დაიწყო გამოძიება მოქალაქეებისთვის „პირადი თავისუფლების აღკვეთის“ საფუძვლით.
„შავებში ჩაცმული დიდი აღნაგობის, ნავარჯიშები კაცები და „ფიდესის“ [ვიქტორ ორბანის პარტიის] აქტივისტები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მომიტინგეებისთვის, რომ მიახლოებოდნენ ორბანს, რომელიც მოედანზე მდებარე მონუმენტთან სიტყვით გამოდიოდა. შავქურთუკიანმა კაცებმა ერთ-ერთი კონტრდემონსტრანტი მიწაზეც კი დააგდეს“, – წერს უნგრული მედია 27 მარტს მომხდარზე.
ზონდერების წინააღმდეგ საჩივარი გიორის მერმა შეიტანა. მერის თქმით, „ისინი თავიანთ დამკვეთებთან ერთად უნგრეთის სირცხვილი არიან“.
უნგრული მედიის ცნობით, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ვიქტორ ორბანის ტურნეს დროს, მუდმივად ერთი და იგივე გუნდი უშლიდა ხელს ორბანის კონტრაქციის მონაწილეებს, მიახლოებოდნენ მას ან მათი ხმა პირდაპირ ეთერში გახმიანებულიყო.
უნგრული მედია ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ არცერთი მსგავსი ინციდენტის დროს და არც მოგვიანებით ადგილზე პოლიცია არ გამოჩენილა.
მაგალითად, 27 მარტს მომხდარი ინციდენტის დროს ორბანის მთავარი კონკურენტი და შემდგომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული, პეტერ მადიარი ამბობდა, რომ მიუხედავად პოლიციაში დარეკვისა, სამართალდამცავები ადგილზე არ მიდიოდნენ.
„მოედანზე არცერთი პოლიციელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი 112-ში რეკავს, სამართალდამცავები წესრიგის დასამყარებლად არ ჩნდებიან“, – აცხადებდა პეტერ მადიარი.
