როგორც სააგენტო APA იუწყება, ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ X-ში გავრცელდა.

„დღეს დამიკავშირდა ვოლოდიმირ ზელენსკი. სატელეფონო საუბრის დროს კმაყოფილებით აღინიშნა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა. ასევე გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებში იმ საკითხების განხორციელებაზე, რომლებიც გაბალაში გამართულ შეხვედრაზე განიხილებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 25 აპრილს, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაბალაში პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხების გარდა, შეხვედრაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ბაქოში გამართოს, თუ მოსკოვიც გამოთქვამს მზადყოფნას.