“არმენპრესის” შესაბამისად, “საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ერევანსა და თბილისს შორის ურთიერთობების ამჟამინდელ დონესა და თანამშრომლობას სანიმუშოდ მიიჩნევს და ხაზს უსვამს, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია მთელი სამხრეთ კავკასიის განვითარებისთვის”.

„სომხეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ოფიციალურად სტრატეგიულია, მაგრამ, ვფიქრობ, სიტყვა „სტრატეგიული“ არ არის საკმარისი იმ ძმური ურთიერთობების დასახასიათებლად, რაც საქართველოსა და სომხეთს შორის არსებობს. დღეს ისინი ძალიან მტკიცეა ყველა კრიტერიუმით“, – სომხური გამოცემის ცნობით, განაცხადა ლაშა დარსალიამ საერთაშორისო ფორუმის, „ერევნის დიალოგი 2026“-ის ფარგლებში.

მისივე თქმით, ერევანსა და თბილისს აქვთ ძალიან კარგი თანამშრომლობა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა სფეროებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

„სომხეთისა და საქართველოს თანამშრომლობა მისაბაძია და ეს რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის განვითარებისთვის. რაც შეეხება ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს, შემიძლია აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ არსებობს დიდი პოტენციალი, რომელიც უნდა შევისწავლოთ. შესაძლოა, მეტი სივრცეა ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად. არსებობს მრავალი სფერო, სადაც შეგვიძლია ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება და ეს ნამდვილად ჩვენი მთავარი მიზანია. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა არა მხოლოდ სახელმწიფოებს შორის, არამედ უწყებათაშორის დონეზეც. საქართველოსა და სომხეთის თითქმის ყველა უწყება ძალიან კარგად და მჭიდროდ თანამშრომლობს, თუმცა არის სფეროები, სადაც მომავალში ბევრი რამ ჯერ კიდევ შეიძლება გაუმჯობესდეს“, – ციტირებს ლაშა დარსალიას გამოცემა.

ამასთან, არმენპრესის ცნობით, საერთაშორისო ფორუმის, „ერევნის დიალოგი 2026“-ის ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრისას დარსალიამ თქვა, რომ ეს ღონისძიება უკვე ხდება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ სხვა აქტორებისთვისაც.

„ფორუმის მსვლელობისას ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა. მე თავად ვმონაწილეობდი სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების შესახებ გამართულ განხილვაში. ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენი რეგიონის მნიშვნელობაზე და იმ როლზე, რომელიც მას შეუძლია შეასრულოს უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალში მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილების დაკავშირების თვალსაზრისით“.

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო როლი იზრდება და რეგიონის მნიშვნელობის დონე მაღლდება, განსაკუთრებით დღევანდელ მშფოთვარე სამყაროში, როდესაც სამხრეთ კავკასიის გარშემო მრავალი მოვლენა ვითარდება.

„ჩვენს რეგიონს ახლა აქვს შესაძლებლობა, გახდეს ნამდვილად დამაკავშირებელი რეგიონი და რეგიონული თანამშრომლობა არის ის, რასაც საქართველო აქტიურად უჭერს მხარს. ჩვენ ყველანი ვეძებთ და ველოდებით ამ შესაძლებლობას ბოლო 35 წლის განმავლობაში. ამ რეგიონმა 1990-იან წლებში მრავალი ტრაგედია, მრავალი ომი, კონფლიქტი და ქაოსი გამოიარა, დღეს კი ჩვენ ნამდვილად გვაქვს შანსი, რეგიონი თანამშრომლობისა და მშვიდობის სივრცედ ვაქციოთ. ეს ჩვენს რეგიონს საერთაშორისო ვაჭრობის, ინვესტიციებისა და კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს“.