პროსახელისუფლებო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი ყოფილი ჟურნალისტი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი წარმომადგენელი, გიორგი უძილაურია.
გიორგი უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო. წარსულში კი ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. სწორედ გიორგი უძილაური უძღვებოდა წარსულში ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციებსაც.
რუსთავი 2-ის ცნობით, გიორგი უძილაური ერთ-ერთ ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
5 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელიც ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე იყო და „ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესების სასარგებლოდ სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებას და მათთვის გადაცემას“.
სუს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
