მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ერევანში უკრიანის პრეზიდენტთან შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა.
მისი თქმით, ზელენსკისთან შეხვედრა რამდენიმე წუთს გაგრძელდა და მოახერხეს, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებს შეხებოდნენ, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში არსებობს.
„გვქონდა საუბარი უკრაინელ კოლეგასთან, ასევე პრეზიდენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენ შორის არის, და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარება. მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დამოკიდებულებას, ასევე უკრაინის მხარდაჭრას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე ვიხილოთ უკრაინის მხრიდან იგივე დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. შეხვედრა წინასწარ არ ყოფილა დაგეგმილი, შეხვედრა შედგა სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში, უკრაინული მხარის ინიციატივით, და რამდენიმე წუთს გასტანა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებს შევხებოდით, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებობს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის თქმით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებსსაც.
„კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, თუმცა იყო ამაზეც საუბარი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია დიპლომატიური ურთიერთობები, მათ შორის ელჩების ყოფნა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ, საქართველოს ამ ხნის განმავლობაში აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც არაერთხელ გამოგვიხატავს საერთაშორისო ფორმატებში, სადაც ეს შესაძლებელია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
4 მაისს ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მეგობრული და საინტერესო საუბარი ჰქონდა. კობახიძის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრის დეტალების შესახებ ვერ ისაუბრეს, ვინაიდან ის დახურული ფორმატის იყო. თუმცა, როგორც კობახიძე აცხადებს, საუბრის ინიციატორი ზელენსკი იყო, რასაც თავად მყისიერად დათანხმდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას შორის გადაუჭრელი საკითხები არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე იყოს.
