კვიპროსი აგრძელებს ევროკავშირის საბჭოს როტაციული პრეზიდენტი ქვეყნების პრაქტიკას და საქართველოს არ იწვევს ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგის ფორმატებში.

10-11 მაისს ნიქოზიაში გაიმართება ევროპულ საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირის წევრობის პოტენციური და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, თუმცა საქართველო მინისტერიალზე მიწვეული არაა.

„საქართველოს მთავრობის ქმედებათა კურსის გათვალისწინებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს, საქართველოს გაწევრიანების პროცესი 2024 წელს დე ფაქტო შეჩერდა. აქედან გამომდინარე და წინა თავმჯდომარეობების პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველო მიწვეული არაა“, — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ კვიპროსის თავმჯდომარეობის პრესსამსახურში.

ამასთან, დასძინეს, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის გზას გაწევრიანებისკენ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლის მოქმედებათა ამჟამინდელ კურსს.

ნიქოზიაში დაგეგმილი დისკუსიები, სხვა საკითხებთან ერთად, ფოკუსირებული იქნება 2028-2034 წლების ფინანსურ ჩარჩოსა (MFF) და ევროკავშირის გაფართოებაზე.

„ევროკავშირის გაფართოება დღის წესრიგის საკვანძო ნაწილი იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნები. ეს სესია შესაძლებლობას შექმნის გაფართოების შესახებ ღია და მომავალზე ორიენტირებული აზრთა გაზიარებისთვის, რაც ასახავს ჩვენს საერთო ერთგულებას სანდო და ინკლუზიური ევროპული მომავლისადმი. პოლიტიკური დისკუსიების პარალელურად, პროგრამა ითვალისწინებს არაფორმალური ურთიერთობის შესაძლებლობებს კულტურულ გარემოში“, — ნათქვამია მინისტერიალის ანონსში.

კვიპროსი მიმდინარე წლის იანვრიდან, 6 თვის ვადით იკავებს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის პოსტს, რომელსაც ივლისიდან ირლანდიას გადაულოცავს. „წინა პრაქტიკის გათვალისწინებაში“ იგულისხმება დანია და პოლონეთი, რომლებიც ბრიუსელსა და თბილისს შორის მაღალი დონის დიალოგის შეჩერების ფონზე ასევე არ იწვევდნენ საქართველოს მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

დიალოგის ერთადერთი ფორმატი, რომელშიც საქართველო სტაბილურად რჩება, არის ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC). ეს არის პოლიტიკური დიალოგის პლატფორმა, რომელიც 2022 წელს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით შეიქმნა და აერთიანებს არა მხოლოდ ევროკავშირის სახელმწიფოებს, არამედ ევროპის კონტინენტის თითქმის ყველა ქვეყანას, რუსეთის და ბელარუსის გარდა. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 შეხვედრაში, რომელიც სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა, პირველად მიიღო მონაწილეობა არაევროპულმა სახელმწიფომაც — კანადამ.

„ამ სამიტშიც მონაწილეობდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომელთაც არაერთხელ გაუკეთებიათ უსამართლო განცხადებები ქართველი ხალხის, ქვეყნის მიმართ, რაც სამწუხაროა. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც მუშაობა გვიწევს. მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ყველა მიმართულებით ურთიერთობის განვითარებაზე. აქ [ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე] საქართველოსთან მიმართებით კრიტიკული განცხადებები საერთოდ არ მოგვისმენია“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის შემდეგ.

თუმცა არ უთქვამს, რომ კრიტიკა ევროკავშირის „ბიუროკრატიით“ არ შემოიფარგლება და არა ხალხს, არამედ მხოლოდ „ქართული ოცნებას“ ეხება.