ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს სამართალდამცავთა ანგარიშვალდებულების, შემზღუდავი „უცხოური გავლენის“ კანონების გაუქმებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების მუდმივი მხარდაჭერისკენ. 

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში ვიზიტით 14-15 აპრილს იმყოფებოდა. 

ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისრის ვიზიტი საქართველოში ფოკუსირებული იყო 2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისში პროტესტის ნიშნად გამართული აქციების ძალადობრივ დაშლაზე სამართალდამცავების ანგარიშვალდებულების კვლავინდებურ არარსებობაზე, გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებების მზარდ შეზღუდვებზე, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და იქიდან დევნილი პირების ადამიანის უფლებებზე. 

„ის მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისა და მაღალ დონეზე მზადყოფნისთვის. იგი დადებითად აფასებს სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების მედეგობას, რომლებიც მზარდი შეზღუდვების პირობებში აგრძელებენ მუშაობას“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანგარიშვალდებულება და სამართალდამცავი ორგანოები

ევროპის საბჭოს კომისრის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გელა გელაძემ  ადამიანის უფლებათა კომისარს უთხრა, რომ სამართალდამცავებისთვის ხილული საიდენტიფიკაციო ნომრების ტარება სავალდებულო გახდება.

„კომისარმა განიხილა 2025 წლის იანვრის ვიზიტის შემდეგ გაცემული რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც ეხებოდა სამართალდამცავებისა და ნიღბიანი პირების მიერ 2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისში დემონსტრაციების დროს მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო უკანონო დაკავებებსა და ძალის გადამეტებაზე ანგარიშვალდებულების არარსებობას.

კომისარი მიესალმა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გახმიანებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სამართალდამცავებისთვის ხილული ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრების ტარებას სავალდებულოს ხდის, თუმცა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ 2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისში აქციების ძალადობრივი დაშლისთვის პასუხისგებაში არცერთი სამართალდამცავი არ მიცემულა“, – ნათქვამია ევროპოს საბჭოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, კომისარმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოძიებისკენ. 

მათივე ინფორმაციით, კომისარმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიუთითა გაეროს 2020 წლის სახელმძღვანელოზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნაკლებად მომაკვდინებელი იარაღის გამოყენების შესახებ და მოუწოდა მათ, ეს სტანდარტები ინსტრუქციებში ასახონ. 

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის ჩემი მიმართვების გაგრძელებად, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობას, ხაზს ვუსვამ შეკრებების მართვის შესაბამისობის მნიშვნელობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლებთან, ისევე როგორც დიდი პალატის ბოლო გადაწყვეტილებასთან საქმეზე „ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, – დასძინა კომისარმა.

დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვა

გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე მოქმედ შემზღუდავ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კომისარი აღნიშნავს ამ კანონების ერთობლივ ნეგატიურ ეფექტს და მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო მკაცრი ზომები მიიღო.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესული ახალი ცვლილებები მოითხოვს პოლიციის წინასწარ ინფორმირებას, თუ დემონსტრაცია ტრანსპორტის ან ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება; ანიჭებს პოლიციას უფლებას, შეცვალოს აქციის ადგილი ან დრო, თუ ის საფრთხეს უქმნის გადაადგილებას და მომიტინგეებს ტროტუარის „ჩახერგვასაც“ კი უკრძალავს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, 2025 წლის თებერვალში შემოღებული 60-დღიანი პატიმრობა გავრცელდა სხვა დარღვევებზეც, როგორიცაა ნიღბის ტარება, გზების გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციების აღმართვა, მაშინაც კი, როდესაც ეს დარღვევები პირველად არის ჩადენილი. სისხლის სამართლის კოდექსის ახალი ცვლილებებით კი, პროტესტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენისთვის ორ წლამდე პატიმრობა დაწესდა. კომისარი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და შეუსაბამოა კონვენციით განმტკიცებულ აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ხელისუფლებასთან შეხვედრებისას კომისარმა დასვა საკითხი „უცხოური გავლენის“ შესახებ რამდენიმე კანონის მსუსხავ ეფექტზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებზე, ასევე ათეულობით ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწყებულ ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ წარმოებებზე უცხოური დაფინანსების მიღების ან დამამძიმებელ გარემოებებში საბოტაჟის ბრალდებით. 

„ხელისუფლებასთან დისკუსიისას დავაფიქსირე ჩემი პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ადამიანის უფლებებზე გავლენის თაობაზე. ასევე გამოვთქვი შეშფოთება „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის (GEOFARA) თაობაზე, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის აგენტებად“; „გრანტების შესახებ“ კანონის შესახებ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების ოფიციალური ნებართვის გარეშე მიღებას უკრძალავს; და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თაობაზე, რომელიც მედიასაშუალებებს გადაცემების წარმოებისა თუ ტრანსლირებისთვის უცხოური დაფინანსების მიღებას უზღუდავს. 

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდა შესაძლოა ლეგიტიმური მიზანი იყოს, ფართომასშტაბიანი შეზღუდვები შეუსაბამოა კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებთან კონვენციის მე-10(2) და მე-11(2) მუხლების მნიშვნელობით, ისევე, როგორც არადისკრიმინაციულობის პრინციპთან. მე მოვუწოდებ  „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის გაუქმებისკენ, ხოლო სხვა შემზღუდავი კანონმდებლობის გაუქმების ან არსებითი გადახედვისკენ, რათა უზრუნველყოფილ იქნას კონვენციასთან შესაბამისობა.

ასევე შევახსენებ ყველას, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო სივრცის დაცვაში. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ათეულობით ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე წარმოებები მკაცრად შეესაბამებოდეს სახელმწიფოს ვალდებულებებს კონვენციის ფარგლებში“, — განაცხადა კომისარმა ო’ფლჰერტიმ. 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და იქიდან დევნილი პირების უფლებები

ევროპის საბჭოს განცხადებით, კომისრის ვიზიტი იყო პირველი შესაძლებლობა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები და იქიდან დევნილი პირების უფლებების განსახილველად. 

„ვადასტურებ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები და დევნილი პირებისთვის დახმარების, მათ შორის უფასო ჯანდაცვისა და განათლების მიწოდების კუთხით.

დევნილები კვლავ აწყდებიან ინტეგრაციის გამოწვევებს და მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეინარჩუნოს მუდმივი ყურადღება ისეთ სექტორებზე, როგორიცაა საცხოვრებელი, დასაქმება და განათლება“, – აღნიშნა კომისარმა წეროვნის დასახლებაში დევნილებთან შეხვედრის შემდეგ. 

მათივე ცნობით, კომისარმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა დევნილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლების, ასევე, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების მხარდაჭერისთვის. 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება აპირებს, კვლავაც ფოკუსირებული იყოს ამ საკითხებზე თავის საქმიანობაში.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კომისარი შეხვდა ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, გელა გელაძეს, მიხეილ სარჯველაძეს, თეა ახვლედიანს, გიორგი გვარაკიძეს, გიორგი გაბიტაშვილს და ლევან იოსელიანს.

იგი ასევე შეხვდა გაეროს რეზიდენტ-კორდინატორს საქართველოში, დიდიე ტრებიუკს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. იგი იმყოფებოდა ოძისის საოკუპაციო ხაზთან და შეხვდა დევნილებს წეროვნის დასახლებაში.

ევროპის საბჭოს განცხადებით, კომისრის მხრიდან ზემოაღნიშნულ საკითხებზე უფრო დეტალური დაკვირვებები მოგვიანებით გამოქვეყნდება.