ახალი ამბები

ახალი სქემა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის

25 ნოემბერი, 2010 • • 1406
ახალი სქემა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული სქემა წარუდგინა. მინისტრის თქმით, სქემა საშუალებას მისცემს მასწავლებლებს, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში აიმაღლონ კვალიფიკაცია.

მინისტრის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში 30%-ით იზრდება ის ნაწილი, რომელიც მასწავლებლების კვალიფიკაციას ეხება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მოამზადა. ცენტრის დირექტორის გია მამულაშვიის თქმით, ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ: მასწავლებლები, დირექტორები, იურისტები, განათლების სპეციალისტები და ფსიქოლოგები.

პროგრამაში ჩართვა მხოლოდ სერტიფიცირებულ სკოლის პედაგოგებს შეეძლებათ.

სერტიფიცირებულ მასწავლებლებს სერტიფიცირების გამოცდაზე გასვლა დღევანდელი ნორმით 8 წელიწადში ერთხელ უწევთ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის საშუალებით მასწავლებელს სერტიფიცირებიდან სერტიფიცირებამდე შეეძლება დააგროვოს კრედიტების გარკვეული რაოდენობა, რის შედეგადაც ის აღარ გავა სასერტიფიკაციო გამოცდაზე. ამას გარდა, ამ პროგრამაში ჩართვა, პროგრამის ინიციატორების აზრით, პედაგოგს საშუალებას მისცემს, მუდმივად აიმაღლოს კვალიფიკაცია.

,,ამ კრედიტების დაგროვებასთან ერთად, ბუნებრივია, მასწავლებელი გადის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, რაც არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ეს სქემა გვაძლევს საშუალებას, მუდამ ვიყოთ თანამედროვე, მუდამ მივყვებოდეთ მოვლენებს’’ , – ამბობს მამულაშვილი.

სქემა გულისხმობს მასწავლებელთა კატეგორიზაციას– მეორე, პირველი და უმაღლესი კატეგორიის მიხედვით. ყველა კატეგორიისთვის განსაზღვრულია კრედიტი, რომელიც მასწავლებელმა უნდა მოაგროვოს იმისთვის, რომ გახდეს კონკრეტული კატეგორიის პედაგოგი.

მეორე კატეგორიისთვის მასწავლებელს 21 კრედიტის დაგროვება მოუწევს, პირველისთვის –28, ხოლო უმაღლესი კატეგორიისთვის – 42.

მასწავლებელი, რომელიც ჩააბარებს გამოცდას და აიღებს სერტიფიკატს, 21 ქულას მოიპოვებს და ავტომატურად მეორე კატეგორიის მასწავლებელი გახდება. სერტიფიცირებიდან რვა წელიწადში მასწავლებელმა, მოქმედი წესის თანახმად, თავიდან უნდა ჩააბაროს გამოცდა სერტიფიკატისთვის. თუ სერტიფიცირებული მასწავლებელი ჩაერთვება პროფესიული განვითარების ახალ სქემაში, მაშინ მას სერტიფიცირებიდან 8 წლის განმავლობაში საშუალება ექნება, კრედიტები სქემის მეშვეობით დააგროვოს.  თუ მასწავლებელი 8 წელიწადში 21 კრედიტის დაგროვებას შეძლებს, მას შეუძლია სასერტიფიკაციო გამოცდაზე აღარ გავიდეს. თუ პედაგოგი ამ ხნის განმავლობაში 28 კრედიტს დააგროვებს, მაშინ მას სასერტიფიკაციო გამოცდაც მოეხსნება და  პირველი კატეგორიის მასწავლებელიც გახდება.

მასწავლებელთა პროფესიული სქემის ფარგლებში მასწავლებლები კრედიტების დაგროვებას დამატებითი აქტივობებით შეძლებენ. მაგალითად, საგნობრივ კონფერენციაში მონაწილეობისთვის მასწავლებელი 0,5 კრედიტს მიიღებს, კონფერენციაზე მომხსენებლის სტატუსით გამოსვლისთვის ის უკვე ერთ კრედიტს დაიმსახურებს, ასევე ერთ კრედიტს დაიმსახურებს მასწავლებელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით განხორციელებული ტრეინიგებში მონაწილეობის მიღებაში; სასკოლო ან მეთოდოლოგიული სახელმძღვანელოების ავტორობისთვის ან თანაავტორობისთვის პედაგოგი 7 კრედიტს მიიღებს და ა.შ.

იმისთვის, რომ მასწავლებლები ამ პროგრამაში ჩაერთონ, საჭიროა წარმოადგინონ გაწერილი გეგმა, სერტიფიცირებიდან მომდევნო 8 წლის განმავლობაში, რა აქტივობებით აპირებენ კრედიტების დაგროვებას. იმისთვის, რომ ამას ოფიციალური სახე მიეცეს, მამულაშვილის თქმით, გეგმა სკოლის დირექტორმა უნდა დაამოწმოს. მომდევნო წლების განმავლობაში გეგმაში ცვლილებების შეტანა მასწავლებლებს შეეძლებათ.

,,დირექტორი ხელს  მხოლოდ იმიტომ აწერს, რომ ამ გეგმამ ოფიციალური სახე მიიღოს, დანარჩენში დირექტორი არ ერევა. მაგალითად, მასწავლებელთა აქტოვობა შეაფასოს ან რაღაც მსგავსი, მას ამის უფლებები არ ექნება’’, – ამბობს მამულაშვილი.

გეგმის წარდგენის შემდეგ მასწავლებელი რეგისტრირდება რესურს ცენტრში, როგორც სქემაში ჩართული მასწავლებელი.

თუ როგორ შეასრულებენ მასწავლებლები წარმოდგენილ 8– წლიან სამოქმედო გეგმას, ამას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალრად შექმნილი ჯგუფი დაამონიტორინგებს.

ყოველწლიურად ან წელიწადში ორჯერ მასწავლებელი წარმოადგენს პორტფოლიოს, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია იმ აქტოვობების შესახებ, რომლებზეც მასწავლებელმა იმუშავა. ამის შემდეგ პროფესიულ ეროვნულ ცენტრში შექმნილი საიდენტიფიკაციო კომისია შეისწავლის, შეამოწმებს მასწავლებლის მიერ წარმოდგენილ პორტფოლიოს და წარმოადგენს დასკვნას, შეესაბამება თუ არა მასწავლებეთა აქტივობა ამ აქტივობისთვის განკუთვნილ კრედიტს. პროფესიული ეროვნული ცენტრის დირექტორის, გია მამულაშვილის თქმით, კომისიამ, შესაძლოა, ეს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გააკეთოს.

კომისიის შემადგენლობა მასწავლებელთა პროფესიული ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრება.

,,თუ მე მომიწია ამგვარი საიდენტიფიკაციო კომისიის განსაზღვრა, ვფიქრობთ, რომ აქ აუცილებლად უნდა იყოს მიუკერძოებელი ადამიანები. სამწუხაროდ, ძნელია ასეთი ადამიანების პოვნა, მაგრამ აუცილებლად იქნებიან ასეთი ადამიანები, აუცილებლად იქნებიან პროფესიონალები, იქნებიან განათლების სპეციალისტები, იურისტები, მეცნიერები’’, – ამბობს მამულაშვილი.

მასწავლებლთა პროფესიული განვითარების სქემის შექმნა, როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, დასავლურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოხდა.

პრეზენტაციაზე დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ ეს სქემა სამინისტროს მისცემს შესაძლებლობას, რომ  მასწავლებლებს ახალი წახალისების პროგრამები და ბონუსები შესთავაზონ.

,,სქემა ითვალისწინებს მატერიალურ და მორალურ ბონუსებს’’, – განმარტა შაშკინმა.

ასევე, მისი თქმით, სამინისტროს ორიენტაცია მაქსიმალურად წარმატებულ პედაგოგებზე ექნება, შაშკინის აზრით, ეს მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვაში დამატებითი სტიმული იქნება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი