ახალი ამბები

“ქართული პარტია” “ყველანაირი ამოცანის შესასრულებლად”

24 ნოემბერი, 2010 • 2259
“ქართული პარტია” “ყველანაირი ამოცანის შესასრულებლად”

„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ გაზაფხულამდე პარტიაში გვეყოლება 50 ათასამდე  წევრი, რომლებიც მზად იქნებიან ყველანაირი ამოცანის შესასრულებლად“-განაცხადა „ქართული პარტიის“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა დღეს, პარტიის დამფუძნებელი ყრილობის დასრულების შემდეგ.  მისივე თქმით, „ყველანაირი ამოცანის შესრულება ნიშნავს ხელისუფლების შეცვლას არჩევნების, აქციების გზით და ასევე, იმით, რასაც მოიტანს ვითარება.“

ყრილობაზე, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, დაცვის სამსახურმა არ შეუშვა ჟურნალისტები, რომლებსაც თან ვიდეო და ფოტოკამერები ჰქონდათ. მათი თქმით, პარტიას დარბაზში საკუთარი კამერები ჰქონდა, ჰყავდა ფოტოგრაფები და „ზედმეტი ხალხი არ სჭირდებოდათ“.  მასმედია „ქართული პარტიის“ ყრილობას თვალყურს ფილარმონიის ფოიეში დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნებდა.  „ქართული პარტიის“ ლიდერებმა ყრილობის დაწყებამდე კომენტარები არ გააკეთეს. „ყველაფერს გაიგებთ ყრილობაზე და ყრილობის შემდეგ“- მოკლე კომენტარით შემოიფარგლა სოზარ სუბარი.

„ქართული პარტიის“ ყრილობა  ენერგიული მუსიკის ფონზე საიმიჯო კლიპით გაიხსნა. კლიპში, ძირითადად, ქართული კულტურის და სოფლის მეურნების ამსახველი კადრები იყო ნაჩვენები, რომლებსაც თან სდევდა ფრაზები: „ათასწლეულების წინ ჩვენ პირველად დავწურეთ ყურძენი და მსოფლიოს ვაჩუქეთ ღვინო“,  „ჩვენ გვყავდა თამარი, დავითი, გალაკტიონი…“, ჩვენ ვაჩუქეთ მსოფლიოს ცნება „თამადა“, „ჩვენ ტოლერანტობას ვერავინ გვასწავლის“ და ა.შ. 

კლიპის დასრულების შემდეგ წამყვანმა ყრილობა გახსნილად გამოაცხადა და საზოგადოებას „ქართული პარტიის“ ლიდერები წარუდგინა. მისი თქმით, „ქართული პარტიის“  მთავარი მიზნებია: მასმედიის თავისუფლება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ახალი სამუშაო ადგილები, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება და ა.შ. აქვე განისაზღვრა პარტიის თითოეული ლიდერის როლი ქვეყნის სამომავლო საქმიანობაში.

Image 2640
Image 2640

„სოზარ სუბარი დაიცავს ადამიანის უფლებებს, ლევან გაჩეჩილაძე – ერის თვითმყოფადობას და კულტურას, კოკა გუნცაძე სამართლიანი სასამართლოს შექმნას უზრუნველყოფს, ირაკლი ოქრუაშვილი იზრუნებს, რომ ყველა ადამიანის ღირსება და თანასწორობა დაცული იყოს, ეროსი კიწმარიშვილი კი შექმნის მყარ და დაბალანსებულ პოლიტიკურ სისტემას, ასევე, გაამტკიცებს  ურთიერთობებს რუსეთთან“ – გამოაცხადა წამყვანმა.

ამის შემდეგ სცენაზე კოკა გუნცაძე ავიდა, რომელმაც პარტიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით,  „ქართულ პარტიაში“  ხალხი გააერთიანა დაკარგულმა ტერიტორიებმა, უმუშევრობამ, უსამართლობამ, პროპაგანდისტულმა მედიამ და შიშმა. გუნცაძის თქმით, ამ პრობლემების მოგვარების მიზნით, გაერთიანებული ხალხის მთავარი სურვილია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს რაც შეიძლება სწრაფად, ნეგატიური შედეგების გარეშე.

კოკა გუნცაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი გააუქმებენ სოდ-ს, კუდ-ს, ფინანსურ პოლიციას და სკოლებში არსებულ მანდატურის ინსტიტუტს. სანაცვლოდ კი შექმნიან დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას.

ეროსი კიწმარიშვილმა პრიორიტეტებს შორის დაასახელა მეცნიერების განვითარებისთვის ხელშეწყობა და საქართველოში „სილიკონის ველის“ შექმნა, ასევე, სოფლის მეურნეობის აღორძინება და რუსეთთან ურთიერთობების დალაგება.

„რუსეთში საქართველოს მოსახლეობის 25% ცხოვრობს და ჩვენს შორის წარმოუდგენელია, მტრობა არსებობდეს“ – თქვა კიწმარიშვილმა.

ფილარმონიაში მოსულ ხალხს  პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ვიდეომიმართვა აჩვენეს. მან, ძირითადად, ცვლილებების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მან, ასევე, თქვა, რომ  არ სურთ სამოქალაქო დაპირისპირება, თუმცა ეს გარდაუვალია. მისი თქმით, თეთრი ხელთათმანებით ბრძოლას არ აპირებენ. ისინი გაზაფხულზე დაიწყებენ ბრძოლას და ბოლომდე მიიყვანენ.

პარტიის ყრილობაზე იმყოფებოდნენ  „კონსერვატიული პარტიის“ წევრები ბიძინა გუჯაბიძე და ლაშა ჩხარტიშვილი. ისინი მიესალმებიან ახალი ქართული პარტიის დაფუძნებას, თუმცა, ჯერჯერობით, არ იციან, მათთან რა ფორმით ითანამშრომლებენ.  ფილარმონიაში დღეს სხვა ქართული პარტიების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

დამფუძნებელ ყრილობაზე იმყოფებოდა კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე. მისი თქმით, წინასწარ ძნელია იმის თქმა, ეს პარტია ძალიან აქტიური იქნება, თუ – არა. „ყველა მათგანი აქამდე სხვადასხვაგვარ მოღვაწეობას ეწეოდა, ზოგი ტელეკომპანიის ხელმძღვანელი იყო, ზოგი –სახალხო დამცველი, ზოგი –პოლიტიკოსი. მათ ყველას  გარკვეული შეცდომები აქვთ დაშვებული და ვნახოთ, ახალ ერთობაში თუ შეძლებენ ამ შეცდომების გამოსწორებასა და ახალი ნაბიჯების გადადგმას“-უთხრა მამუკა არეშიძემ ჟურნალისტებს.

„ქართული პარტიის“ ლოგოდ ყურძნის მტევანი აირჩიეს, ფერად-იასამნისფერი, სლოგანად კი ფრაზა -„ვერ ეგუები? -მოდი!“

პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი დასახელდა. თანათავმჯდომარეებად– ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე. პარტიის გენერალური მდივანი კოკა გუნცაძეა, პარტიის პოლიტიკური მდივანი– ეროსი კიწმარიშვილი. პარტიას ჰყავს პოლიტიკური საბჭო, რომლის შემადგენლობა ასეთია: ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი, კოკა გუნცაძე, ბესო კურტანიძე, კახა მიქაია, ლევან ჩიკვაიძე და ამირან იობაშვილი.

ყრილობის დასრულების შემდეგ სოზარ სუბარმა საკონცერტო დარბაზის ფოიეში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სუბარმა განაცხადა, რომ ისინი ხვალ სახალხო კრებას არ შეუერთდებიან, თუმცა დააკვირდებიან მოვლენათა განვითარებას და ხალხი სადაც იქნება, „ქართული პარტიაც“ იქ დადგება. იგივე განაცხადეს ლევან და გია გაჩეჩილაძეებმა.  ყრილობის დასრულების შემდეგ დარბაზიდან გამოსულმა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და  „პროსტიტუტკები“ უწოდა, ასევე  მათ „ლისაბონის კახპების“ ამბების გამოძიება ურჩია.

Image 2641
Image 2641

მასალების გადაბეჭდვის წესი