ახალი ამბები

ოჯახი, რომელსაც სახლი მეორედ დაუნგრიეს

24 ნოემბერი, 2010 • • 1115
ოჯახი, რომელსაც სახლი მეორედ დაუნგრიეს

 ფიცრული სახლი, სადაც შალითაშვილების ოთხსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, ოჯახის თქმით, დღეს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროს თანამშრობლებმა დაანგრიეს. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ოჯახის მიერ აშენებული სახლის დემონტაჟი უკვე მეორედ განხორციელდა.

როგორც ოჯახის წევრები ნეტგაზეთთან საუბარში ამბობენ, თბილისის ზედამხედველობის სამსახურმა მათ ჯერ ბეტონით აშენებული სახლი დაუნგრია,  ახლა კი ფიცრული – აღსრულების ბიურომ.

მიწა, სადაც შალითაშვილებმა სახლი ორჯერ ააშენეს, თემქის დასახლებაში მდებარეობს. როგორც ნინო შალითაშვილი ყვება, ეს მიწა ათი წლის წინათ მამამთილმა შემოღობა და წლების მანძილზე უვლიდა.

ოჯახმა საბუთები, მიწის დაკანონების მიზნით, მერიაში ორჯერ შეიტანა. ერთხელ პასუხად უარი მოუვიდა, მეორედ შეტანის შემდეგ კი პასუხი ჯერ არ მოსულა.

შალითაშვილი ნინო ამბობს, რომ მისი მეუღლე, რომელსაც გული აწუხებს, შეუძლოდ გახდა. დღეს ის მერვე საავადმყოფოში იმ დროს გადაიყვანეს, როდესაც მის სახლს დემონტაჟს უტარებდნენ.

ამ ისტორიას შალითაშილები ყვებიან და ამბობენ, რომ მათთან ჯერ გამაფრთხილებელი წერილი მივიდა,  დღეს დილით კი სამარშუტო ტაქსი რამდენიმე ფორმიანი ადამიანით, რომლებმაც ოჯახის წევრები სახლიდან გამოყარეს და მათი კუთვნილი ავეჯიც გარეთ გამოიტანეს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი