ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში მთლიანობაში სიცრუით არის გაჯერებული. თუმცა მისივე თქმით, ამ დასკვნაში გვხვდება ინფორმაცია, რომელიც სიმართლეა და რეკომენდაციები, რომლებიც გასათვალისწინებელია.

„წინასწარ იყო დაწერილი ის დასკვნა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა. საბოლოო ჯამში, ყველა ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე სიცრუით არის გაჯერებული ეს დასკვნა, რაზეც საზოგადოებას კიდევ უფრო ფართოდ წარვუდგენთ ინფორმაციას. ჩვენ, პირველ რიგში, ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს, რომელიც არის ასახული ამ დასკვნაში.

ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ამ დასკვნაში არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინებაც არის აუცილებელი. ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასკვნაში. ამაზე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას. ჩვენ ალბათ სპეციალურ ბრიფინგსაც მივუძღვნით ამ საკითხს გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის ქონა ამ საკითხზე. არის საკითხები, რაზეც ჩვენ გვჭირდება ყურადღების გამახვილება, თუმცა მთლიანობაში ეს დასკვნა არის სიცრუით გაჯერებული.

მთლიანად პოლიტიკურია საფუძველი, სარჩული ამ პროცესების უკან. იცით, რომელი ქვეყნები იყვნენ თავში ამ პროცესის ინიციატორები, შემდეგ როგორ გაგრძელდა ეს პროცესები. თავიდან ბოლომდე არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი ის პროცესი, რომელიც წამოიწყეს. საქართველოზე მეტად არადემოკრატიული ქვეყანა ვერ ნახეს ეუთოს მასშტაბით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა.

ანგარიში განიხილავს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებს  და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ადგილი ჰქონდა დემოკრატიის მკვეთრ უკუსვლას. მომხსენებლის თანახმად, გამოიკვეთა მომიტინგეების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და სხვა სახის უფლებების დარღვევის სისტემური ხასიათი. ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობამ, სავარაუდოდ, წამების ზღვარს მიაღწია, რასაც თან ახლავს ამ დარღვევების ჩამდენთა თითქმის სრული დაუსჯელობა.

ანგარიში არაერთ რეკომენდაციას გასცემს მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, განიხილონ საქართველოში მიმდინარე რეპრესიულ პროცესებზე რეაგირების სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმი, მათ შორის ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო. დოკუმენტი საერთაშორისო თანამეგობრობას აძლევს რეკომენდაციას, განიხილონ საქართველოში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პირებისა და მათი პასუხისმგებელი ზემდგომების გასამართლება მათი ქვეყნების ეროვნულ სასამართლოებში, სადაც ეს შესაძლებელია, მათ შორის, უნივერსალური იურისდიქციის გამოყენების გზით.

უნივერსალური იურისდიქციის გამოყენება ზოგადად სახელმწიფოებს აძლევს უფლებას, დასაჯონ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (მაგალითად წამების) ჩამდენი პირები, მიუხედავად იმისა, სად მოხდა დანაშაული ან რომელი ქვეყნის მოქალაქეა დამნაშავე.
როგორც წესი, ქვეყანა მხოლოდ იმ დანაშაულს იძიებს, რომელიც მის ტერიტორიაზე მოხდა ან მისმა მოქალაქემ ჩაიდინა. თუმცა არსებობს დანაშაულები (წამება, გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), რომლებიც იმდენად მძიმეა, რომ ისინი მთელ კაცობრიობას აზარალებს.