როგორც ოსური მედია წერს, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო – რედ.] პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შეხვედრა გამართა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე იური კადიევთან და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო მართვის უფროსთან, ვლადიმირ შემელინინთან, რა დროსაც განიხილეს, ასევე, ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტების გახსნა.
“ცალკე ყურადღება დაეთმო სამხრეთ ოსეთ-საქართველოს მონაკვეთში არსებული გამშვები პუნქტების ფუნქციონირების საკითხს. განიხილეს მათი გახსნისთვის მზადება, მათ შორის „რაზდახანის“ და „სინაგურის“ გამშვები პუნქტების, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული ორგანიზაციული ღონისძიებები”, – წერს გამოცემა.
“რეს”-ის ცნობითვე, გაგლოევმა “დაადასტურა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურსა და რესპუბლიკაში რუსეთის ФСБ-ის სასაზღვრო მართვას შორის შემდგომი კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობა და შეთანხმებული მოქმედებების აუცილებლობა, რაც რესპუბლიკაში მშვიდი და სტაბილური ვითარების შენარჩუნებას ემსახურება”.
ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტები, რომლითაც ახალგორის მოსახლეობა შესაბამისი დოკუმენტაციის ფლობის შემთხვევაში სარგებლობს, ცხინვალს ამჟამად ჩაკეტილი აქვს და მხოლოდ პერიოდულად ხსნის.
