“კრემლი, როგორც ჩანს, ინტერნეტზე კონტროლს აძლიერებს: ტესტავს ახალ „თეთრი სიის“ შეზღუდვებს და ხალხს სახელმწიფო აპლიკაციისკენ უბიძგებს” – ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელსაც ბრიტანული გარდიანი აქვეყნებს რუსეთის დედაქალაქში ინტერნეტის შეფერხებების შესახებ.

სტატიის თანახმად, ბოლო დღეებში მოსკოველებმა რაციებისა და პეიჯერების გამოყენება დაიწყეს დედაქალაქში ინტერნეტ-სერვისების აუხსნელი შეფერხებების ფონზე, რადგან კრემლი რუსეთში ონლაინ აქტივობებზე კონტროლს აძლიერებს.

მოსკოვის ცენტრსა და სანქტ-პეტერბურგში მომხმარებლებმა მობილურ ინტერნეტზე წვდომის სირთულეების შესახებ დაახლოებით ერთი კვირის წინ განაცხადეს. ბევრი ამბობდა, რომ ვებგვერდებსა თუ აპლიკაციებს ვერ ტვირთავდნენ, ზოგს კი კავშირი საერთოდ გაუწყდა, რის გამოც სატელეფონო ზარების განხორციელებაც კი შეუძლებელი გახდა.

კრემლმა ამ კვირაში განაცხადა, რომ შეფერხებები „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ იქნა შემოღებული და ძალაში დარჩება მანამ, „სანამ საჭირო იქნება“, მიზეზების შესახებ დამატებითი დეტალების მოწოდების გარეშე.

თვეების განმავლობაში მომხმარებლები მთელ რუსეთში ჩიოდნენ მობილური ინტერნეტის მასშტაბურ გათიშვაზე, თუმცა ამ შეფერხებებს გაცილებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ვიდრე ახლა მოსკოვის ცენტრს — ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჰაბს.

შეფერხებები „დიდი თავსატეხი“ იყო, – თქვა დიმიტრიმ, 31 წლის კონსულტანტმა მოსკოვიდან. „მიჭირს ტაქსის გამოძახება, სამუშაო მეილების გაგზავნა ან უბრალოდ ოჯახთან დაკავშირება“.

უფლებადამცველების თქმით, გათიშვა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მოსკოვის მიერ ე.წ. „თეთრი სიის“ სისტემის ტესტირებასთან, რომლის ფარგლებშიც რუსებისთვის ხელმისაწვდომი დარჩება მხოლოდ მთავრობის მიერ დამტკიცებული ვებგვერდებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ონლაინ სერვისების შეზღუდული რაოდენობა.

ანუ კრემლი თავად გადაწყვეტს, რომელ ვებგვერდზე ან აპლიკაციაში შეძლებენ შესვლას რუსები იმ ინტერნეტით, რომელსაც რუსეთში ლიცენზირებული ოპერატორები აწვდიან მომხმარებლებს

მოსკოვის ოფიციალურმა პირებმა მანამდე განაცხადეს, რომ ხელმისაწვდომი ვებგვერდების „თეთრი სია“ მოიცავდა „სიცოცხლისთვის საჭირო ყველა რესურსს“, მათ შორის ონლაინ მაღაზიებს, მიტანის სერვისებსა და ონლაინ აფთიაქებს. თუმცა დამკვირვებლები ამბობენ, რომ ეს სისტემა რადიკალურად დააწესებს ცენზურას რუსების წვდომაზე ფართო ინტერნეტთან.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთში ინტერნეტის გათიშვა სულ უფრო ხშირი გახდა. კვლევითი ჯგუფის, Top10VPN-ის შეფასებით, 2025 წელს ქვეყანამ მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა ინტერნეტ შეფერხებების რაოდენობით.

რუსი მაღალჩინოსნები ადრე აცხადებდნენ, რომ ინტერნეტის გათიშვა უკრაინული დრონების თავდასხმების აღკვეთის მცდელობა იყო, თუმცა ექსპერტების თქმით, ასეთი ზომები ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეფექტური იყოს.

ბოლო შეფერხებებმა განსაკუთრებით მძიმედ დააზარალა კურიერული მომსახურება, ტაქსის აპლიკაციები და საცალო ვაჭრობა. რუსული ბიზნესგამოცემა „კომერსანტის“ შეფასებით, მოსკოვში ინტერნეტის გათიშვით მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა დღეში დაახლოებით 1 მილიარდ რუბლს (9,4 მილიონი ფუნტი სტერლინგი) მიაღწიოს.

შეფერხებები რუსეთის პარლამენტს, სახელმწიფო დუმასაც შეეხო, სადაც დეპუტატებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ შენობის შიგნით მობილური ქსელები და Wi-Fi არ მუშაობდა, რის გამოც დეპუტატები ფაქტობრივად გარე სამყაროს მოწყვეტილნი და ინტერნეტთან წვდომის გარეშე დარჩნენ.

შეფერხებების ფონზე ბევრმა მიმართა კომუნიკაციის ძველ ფორმებს. ელექტრონული კომერციის პლატფორმა Wildberries & Russ-ის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც რუსული მედია ციტირებს, რუსებმა უფრო მეტი რაციისა და პეიჯერის ყიდვა დაიწყეს.

რაციების გაყიდვები 27%-ით გაიზარდა, ხოლო კლიენტებთან და პერსონალთან კომუნიკაციისთვის გამოყენებული პეიჯერების გაყიდვებმა 73%-ით მოიმატა. მოსკოვის ქაღალდის რუკებზე მოთხოვნა თითქმის გასამმაგდა.

ინტერნეტის გათიშვა რუსეთის ონლაინ სივრცეზე განახლებული რეპრესიების ფონზე ხდება. ხელისუფლებამ უკვე დაბლოკა WhatsApp, Facebook და YouTube, სულ უფრო ხშირდება ხმები იმის შესახებ, რომ Telegram-ს შეზღუდვები შესაძლოა უკვე მომავალ თვეში დაუწესდეს.

ერთ-ერთმა რუსმა დეპუტატმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის სპეცსამსახურებმა შესაძლოა უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში მიიღონ VPN ტრაფიკის შეზღუდვის შესაძლებლობა, რაც პოტენციურად გაწყვეტს ბოლო გზას, რომლითაც ბევრი რუსი დაბლოკილ ვებგვერდებზე შედის.

ამავდროულად, ოფიციალური პირები რუსებს მოუწოდებენ შეუერთდნენ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ „სუპერ-აპლიკაციას“, სახელად Max, რომელიც ჩინური WeChat-ის მოდელზეა შექმნილი და, როგორც ფართოდ მიიჩნევა, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კონტროლდება.