ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასახავს.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, ელჩმა ყურადღება გაამახვილა ანგარიშში ასახულ “ფაქტობრივ უზუსტობებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ დასკვნებზე” – „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ მტკიცედ განაგრძობს ეუთო-ს პრინციპებისა და ადამიანური განზომილების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მხარდაჭერას, ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას და ობიექტურობას.“
ელჩის განცხადებით, საქართველომ ფაქტების დამდგენ მისიასთან სრულად და გამჭვირვალედ ითანამშრომლა.
,,მიუხედავად ამისა, ეუთო-ს ნორმების სრული დაცვით და კონსტრუქციული ჩართულობის სულისკვეთებით, საქართველომ ფაქტების დამდგენ მისიასთან სრულად და გამჭვირვალედ ითანამშრომლა. „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დანიშნული ექსპერტი საქართველოს 17-18 თებერვალს ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო ყველა მოთხოვნილი შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან უმაღლეს დონეზე – მათ შორის, შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, იუსტიციის მინისტრთან, განათლების მინისტრთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და წამყვანი უწყებების ხელმძღვანელებთან, მათ შორის პროკურატურის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარესთან და სახალხო დამცველთან“.
ელჩმა აღნიშნა, რომ ექსპერტს მიეწოდა სრული ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა, „ამ თანამშრომლობის მიუხედავად, ანგარიში ვერ ასახავს საქართველოს პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტის სირთულეს, არ ითვალისწინებს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მნიშვნელოვან განმარტებებს, შერჩევითად აკეთებს აქცენტს ცალკეულ საქმეებზე და წარმოაჩენს მათ როგორც „პოლიტიკურად მოტივირებულს“, უგულებელყოფს სამართლებრივ გარანტიებს, მიმდინარე სასამართლო პროცესებს და სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. კანონმდებლობის, საარჩევნო პროცედურებისა და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების აღწერა შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებსა და შეცდომაში შემყვან ინტერპრეტაციებს.“
მაისურაძე ასევე აცხადებს, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი რეკომენდაციები სცდება მისიის მანდატს.
„ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც სცდება მოსკოვის მექანიზმის მანდატს, მათ შორის მოწოდებებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიმართ, იმოქმედონ საქართველოს წინააღმდეგ, რაც ასევე სცდება მისიის უფლებამოსილების ფარგლებს.“
ელჩის განცხადებით, ანგარიშში ინფორმაციის შერჩევითი წარმოჩენა და მისი გამოქვეყნების დრო აჩენს კითხვებს დასკვნების ობიექტურობასთან დაკავშირებით.
„ანგარიშში უგულებელყოფილია საქართველოს დიდი ხნის მიღწევები დემოკრატიული რეფორმების, პოლიტიკური პლურალიზმის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მიმართულებით, ასევე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი განაცხადების რაოდენობის 85%-ზე მეტით შემცირება, რაც ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა და ინსტიტუციური რეფორმების ეფექტიანობაზე მეტყველებს.“
ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თქმით, ანგარიშის მომზადების პროცესი შემჭიდროებულ ვადებში განხორციელდა, რამაც წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი ანალიზის შესაძლებლობა შეზღუდა.
,,იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამუშაოს შესასრულებლად მისიას უკიდურესად შეზღუდული 14-დღიანი ვადა მიეცა, და რომ ანგარიში ვიზიტიდან მხოლოდ რამდენიმე დღეში მომზადდა, ზემოაღნიშნული ხარვეზები კიდევ უფრო გააღრმავა, რასაც შედეგად მოჰყვა ვრცელი დოკუმენტაციის არასრული ანალიზი”.
საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა.
ანგარიში განიხილავს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ადგილი ჰქონდა დემოკრატიის მკვეთრ უკუსვლას. მომხსენებლის თანახმად, გამოიკვეთა მომიტინგეების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და სხვა სახის უფლებების დარღვევის სისტემური ხასიათი. ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობამ, სავარაუდოდ, წამების ზღვარს მიაღწია, რასაც თან ახლავს ამ დარღვევების ჩამდენთა თითქმის სრული დაუსჯელობა.
ანგარიში არაერთ რეკომენდაციას გასცემს მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, განიხილონ საქართველოში მიმდინარე რეპრესიულ პროცესებზე რეაგირების სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმი, მათ შორის ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო. დოკუმენტი საერთაშორისო თანამეგობრობას აძლევს რეკომენდაციას, განიხილონ საქართველოში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პირებისა და მათი პასუხისმგებელი ზემდგომების გასამართლება მათი ქვეყნების ეროვნულ სასამართლოებში, სადაც ეს შესაძლებელია, მათ შორის, უნივერსალური იურისდიქციის გამოყენების გზით.
უნივერსალური იურისდიქციის გამოყენება ზოგადად სახელმწიფოებს აძლევს უფლებას, დასაჯონ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (მაგალითად წამების) ჩამდენი პირები, მიუხედავად იმისა, სად მოხდა დანაშაული ან რომელი ქვეყნის მოქალაქეა დამნაშავე.
როგორც წესი, ქვეყანა მხოლოდ იმ დანაშაულს იძიებს, რომელიც მის ტერიტორიაზე მოხდა ან მისმა მოქალაქემ ჩაიდინა. თუმცა არსებობს დანაშაულები (წამება, გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), რომლებიც იმდენად მძიმეა, რომ ისინი მთელ კაცობრიობას აზარალებს.
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ კრიტიკულ ანგარიშში
