2026 წლის პირველი ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე, 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).

გამონაკლისი ასევე ვრცელდება შსს-სა და თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებისთვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებაზე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ დადგენილება მთავრობამ მიიღო.

„პლასტმასის ნაკეთობები, მათ შორის სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის პროდუქცია, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარემოსა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე. მათი დაშლის პროცესი ასეულობით წლის განმავლობაში გრძელდება, რის შედეგადაც პლასტმასა გროვდება ნიადაგში, წყალსატევებსა და ზღვებში, აზიანებს სანიტარულ სისტემებს და ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას, რაც საბოლოოდ იწვევს ბიომრავალფეროვნების შემცირებასა და ეკოლოგიური ბალანსის დარღვევას“, — აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით პლასტმასით დაბინძურების დიაგნოსტირების რამდენიმე კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88% პლასტმასს წარმოადგენს — მათი უდიდესი ნაწილი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე მოდის. მათ შორის, პლასტმასის ბოთლების წილი დაახლოებით 41%-ს შეადგენს.