სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება სხვა ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლისა და მოახლოებულ საარჩევნო პროცესებში ჩარევის შესახებ.
„საგარეო დაზვერვის სამსახური იღებს სადაზვერვო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სხვა ქვეყანაში ამავე ქვეყნის სპეცსამსახურების სახელით მოქმედი სხვადასხვა აქტორები ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ სომხური წარმოშობისა და სომხეთის მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც აღნიშნულ ქვეყანაში ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან.
ისინი აიძულებენ ამ პირებს, მხარი დაუჭირონ სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირებულ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს. ეს ქმედებები მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება, აღნიშნული ბიზნესმენების მხრიდან ხსენებული პოლიტიკური ძალების ფინანსურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც. მისი თქმით, ამ განცხადებას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.
„ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით უკვე ვთქვი, რომ ეჭვი არ მეპარება, თეორიულად ასეთი ვითარების არსებობის შემთხვევაშიც კი, რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების უმრავლესობა ხმას ჩვენს სასარგებლოდ მისცემს“.
