სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკური ექსპერტი, ოლესია ვართანიანი ამბობს, რომ სომხეთის ხელისუფლება ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ცდილობს დასავლელი პარტნიორების ყურადღების შენარჩუნებას საქართველოზე და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ვართანიანმა ამის შესახებ „ნეტგაზეთთან“ ისაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის იმ განცხადებების კონტექსტში, რომელიც მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში სომხეთის  ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ამჟამად ევროპის კავშირისა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობა რჩება. მისი თქმით, სწორედ საქართველოზე გადის სომხეთის დაახლოების გზა ევროკავშირთან.

“ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთი ერთ-ერთ ყველაზე დაინტერესებულ მხარე ქვეყნად რჩება, რომელიც დასავლეთში აქტიურად აგრძელებს ვიზიტებს, ხვდება დასავლელი ქვეყნების პოლიტიკოსებს და სთხოვს მათ, გარკვეული ფორმით მონაწილეობა მიიღონ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში”.

მისი თქმით, ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც სომხეთის მაღალი პოლიტიკური რანგის წარმომადგენლები საკუთარი შეხვედრების დროს, იქნება ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, საკმაოდ კონკრეტულად სთხოვდნენ დასავლელ პარტნიორებს, საქართველო არ დაევიწყებინათ და ქვეყანა კვლავ დარჩენილიყო დასავლეთის ყურადღების ცენტრში.

ვართანიანის შეფასებით, ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია იმასთან, რომ დასავლეთის ქვეყნები ამ ეტაპზე საკუთარი გამოწვევებით არიან დაკავებული. მათ შორის, ირანში მიმდინარე ომით. ასევე, საერთაშორისო დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვის მცდელობებს, უკრაინაში მიმდინარე ომს და ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ დისკუსიებს.

მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწორედ ამ თემებმა განსაზღვრა საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი დღის წესრიგი, რის გამოც საქართველოს საკითხმა გარკვეულწილად მეორე პლანზე გადაიწია.

“ასეთ ვითარებაში სომხეთის ხელისუფლება ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვანთაგანია რეგიონში, რომელიც კვლავაც დაჟინებითა და თანმიმდევრულად ცდილობს დასავლელი პარტნიორების ყურადღების მიპყრობას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

სომხეთის ხელისუფლება დასავლელ კოლეგებს მუდმივად მოუწოდებს, რომ რაიმე ფორმით გავლენა მოახდინონ შექმნილ სიტუაციაზე, რადგან ეს საკითხი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი”.

ვართანიანის შეფასებით, საქართველოს სტაბილურობას უკავშირდება არაერთი სამომავლო გეოპოლიტიკური პროექტი. მისი თქმით, სომხეთში კარგად ხვდებიან იმას, რომ თუ საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო იზოლაციაში ყოფნას ან უფრო მეტად აღმოჩნდება მოსკოვის გავლენის სფეროში, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენას მოახდენს როგორც სომხეთზე, ისე აზერბაიჯანზე და მთლიანად რეგიონზე.

“ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუვერენიტეტისა და საგარეო პოლიტიკური არჩევანის კონტექსტში, რადგან რეგიონული ქვეყნების შესაძლებლობა, დამოუკიდებლად აირჩიონ გარე პოლიტიკური ალიანსები, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები საქართველოში”.

ამ კონტექსტში ევროკავშირთან სომხეთის ინტეგრაციის პროექტს სომხეთი ასევე განიხილავს საქართველოში არსებული შიდაპოლიტიკური პრობლემების პრიზმიდან.

ვართანიანის განმარტებით, როდესაც ევროპაში და ევროპულ დედაქალაქებში საუბრობენ სხვადასხვა პროგრამის გაფართოებაზე და ახალ ინტეგრაციულ პარტნიორებზე, ტრადიციულად, ყოველთვის არსებობს გეოგრაფიული ფაქტორი.

ვართანიანმა გაიხსენა, რომ თავის დროზე საქართველოს ხელისუფლებას მნიშვნელოვანი ძალისხმევა დასჭირდა ევროპელი პარტნიორების დასარწმუნებლად იმაში, რომ საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ლოგიკური მონაწილე უნდა ყოფილიყო.

მისი თქმით, მაშინ სხვადასხვა გეოგრაფიული კონცეფციაც იყო განხილული. ერთ-ერთი მიდგომის მიხედვით, საქართველო და უკრაინა განიხილებოდნენ ერთგვარ პარტნიორულ სივრცედ, ხოლო სხვა ხედვებში საუბარი იყო თურქეთი-ზეც, როგორც შესაძლო გეოგრაფიულ დამაკავშირებელ რგოლზე.

ვართანიანის თქმით, მოგვიანებით ეს საკითხი უფრო მეტად შავი ზღვის რეგიონული კონტექსტის ფარგლებში განიხილებოდა ევროპული ინტეგრაციის პროექტებში.

მისი შეფასებით, ამ ფონზე სომხეთის მდგომარეობა ისეთია, რომ ქვეყანას დიდად არ აქვს ალტერნატიული გეოგრაფიული არჩევანი და მისი რეალური პერსპექტივა ევროპასთან დაახლოების გზაზე დიდწილად საქართველოზე გადის.

ექსპერტის თქმით, ეს მოცემულობა თავიდანვე არსებობდა. მან აღნიშნა, რომ პირადად ჰქონდა საუბრები სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჯერ კიდევ დაახლოებით ოთხი წლის წინ, როდესაც უფრო სიღრმისეულ ინტეგრაციულ პროგრამებზე მიმდინარეობდა მსჯელობა.

“მაშინაც ეს განხილვები მუდმივად მიმდინარეობდა საქართველოს, როგორც ერთგვარი ხიდისა და შუამავლის როლის კონტექსტში იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ საქართველოს გავლით შეიძლებოდა ამ პროგრამების უფრო ეფექტურად განხორციელება და განვითარება”.