ე.წ. პიჯაკების საქმის სამოქალაქო დავის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა – ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ 9 მილიონის გადახდა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ სააკაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ მისი ერთადერთი ქონება საქართველოში არის მიწის ნაკვეთი და დამხმარე ნაგებობა ყვარელში.

“დღეს გაიმართა “აპელაცია” ჩემი მთელი ქონების კონფისკაციის საკითხზე. საქმე იმაშია, რომ მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1,5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისა.

ესეც თავის დროზე შევიძინე ჩემი ხელფასით, რუსული ემბარგოს შემდეგ ჩვენი მევენახეებისა და მეღვინეების გამხნევებისთვის და ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის.

აქ დამყავდა პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, სენატორები, მონაკოს პრინცი, ევროკავშირის ხელმძღვანელები. ამ სახლს და ვენახს აჩვენებდნენ თავისუფალ მედიაში.

დღეს ყველაფერ ამას დაუსვეს წერტილი. ალბათ ამ პატარა ვენახს ვინმე ბობოლა ქოცი მიიერთებს და სახლს აუცილებლად დაანგრევს, როგორც მისი გამოყენებისთვის გამოუსადეგარ, ცუდ სიმბოლოს.

მე ქონებას არასდროს გამოვკიდებივარ. 1993 წელს მუშაობა დავიწყე ნიუ-იორკის ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიაში Patterson Belknap Webb & Tyler, 36-ე სართულზე, მე-8 ავენიუზე მქონდა საკუთარი კაბინეტი, მყავდა მდივანი და მქონდა ძალიან კარგი ხელფასი, ყველაფერი ისე იყო, როგორც ფილმებში აღწერენ. მივატოვე ყველაფერი და ჩამოვედი ბნელ, ცივ საქართველოში. ამიტომ ქონება არასდროს დამიგროვებია და ესეც შეუძლიათ წაიღონ”, – წერს სააკაშვილი.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ქონების ღირებულება ნაკლებია სააკაშვილისთვის დაკისრებულ გადასახადზე, ჩნდება კითხვა, საიდან ამოიღებს ფინანსთა სამინისტრო ამ ფულს. საზოგადოებაში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა დააყადაღონ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ქონება. მათ შორის საუბარია საქართველოს უნივერსიტეტზე

“ყველას შეუძლია ყვარელში ჩავიდეს და მისი [მიხეილ სააკაშვილის] ერთადერთი ქონება საქართველოში რაც არის, ნახოს […] რას გააკეთებენ – ქალბატონ გიულის უნივერსიტეტს ჩამოართმევენ თუ სხვა რამეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ [გადაწყვეტილება უკანონოა]”, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი ჩალაძემ.

ე.წ. პიჯაკების საქმის სისხლის სამართლის ნაწილში სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. საქალაქო სასამართლომ ეს განაჩენი 2025 წლის 12 მარტს გამოაცხადა, 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი, სააპელაციომ ძალაში დატოვა. პროკურატურა ექსპრეზიდენტს განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა.

300 ათასი ლარი ჯარიმა დაეკისრა ამავე საქმეზე სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროს თეიმურაზ ჯანაშიას, რომელსაც ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლის მსუბუქ ნაწილზე გადაუკვალიფიცირდა.