ნაციონალური მოძრაობა ემიჯნება “ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე”. ეს განცხადება პარტიამ დღეს, 10 მარტს გაავრცელა.
ენმ-ში აცხადებენ, რომ ერთგულნი არიან ოპოზიციური პარტიების ალიანსის, რომელიც გასულ კვირას ჩამოყალიბდა.
“2026 წლის 2 მარტს დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ოპოზიციის ალიანსის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს საერთო ხედვას, სტრატეგიასა და მიზნებს განსაზღვრავს.
შეთანხმება აგრეთვე განსაზღვრავს პარტიათა ურთიერთდამოკიდებულების და ქცევის პრინციპებს, რომელიც ხელმომწერ პარტიებს ავალდებულებს, თავი შეიკავონ იმგვარი საჯარო განცხადებებისგან, რომელიც ემსახურება ალიანსის სხვა წევრი პარტიის დელეგიტიმაციას, რეჟიმთან და საქართველოს გარე მტრებთან გარიგების ბრალდებას, ერთმანეთის ცილისწამებას, ასევე ნებისმიერ თავდასხმასა და დისკრედიტაციას.
გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: “ერთიანი ნაციონალირი მოძრაობა” მიღწეული შეთანხმების ერთგულია, რაც გამორიცხავს პარტნიორ სუბიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას.
ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან აღნიშნული შეთანხმების წესები და მთელი ძალისხმევა ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმის დასასრულებლად “ოპოზიციის ალიანსის” გაძლიერებასაკენ მიმართონ”, – წერია ენმ-ის განცხადებაში.
გუშინ, 9 მარტს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების ალიანსს. მან თქვა, რომ გაერთიანების წევრი “ყველა პარტია, პრაქტიკულად, არის ნაცმოძრაობის წიაღიდან”. იქვე დაამატა, რომ შეიძლება “დაკორექტირდეს” სარჩელი, რომლითაც “ქართული ოცნება” ოპოზიციური პარტიების აკრძალვას მოითხოვს – გაიზარდოს ასაკრძალი პარტიების რიცხვი. კობახიძემ ხაზგასმით ისაუბრა “თავისუფლების მოედანსა” და მის ლიდერებზე.
კობახიძეს გამოეხმაურნენ “თავისუფლების მოედნის” ლიდერები და უარყვეს პირდაპირი თანამშრომლობა “ნაციონალურ მოძრაობასთან” მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა სოციალურ ქსელში გააზიარა ერთ-ერთი მოქალაქის, გუგა სულხანიშვილის პოსტი, რომელიც აკრიტიკებდა “თავისუფლების მოედნის” წევრს, ბაკურ კვაშილავას.
“დედას ვფიცავარ, იმ რეჟიმთან არ მითანამშრომლიაო. თან ეს ისეთი სახით და ტონალობით თქვა [კვაშილავამ], თითქოს პედოფილობა დააბრალეს. ანუ, ჯერ ისევ ტეხავს უახლეს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა?”, – წერს მოქალაქე სულხანიშვილი სოციალურ ქსელში.
პეტრე ცისკარიშვილი დაეთანხმა ამ პოზიციას და “თავისუფლების მოედნის” წევრებს, რომლებიც პროაქტიულად უარყოფენ კობახიძის სიტყვებს, “კოლექტიური ქოცისტანის ნაწილი” უწოდა.
ცისკარიშვილის ეს პოზიცია გააკრიტიკეს ოპოზიციურ ალიანსში შემავალი სხვა პარტიების წევრებმა. მაგალითად, “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა წევრმა, ანა კობახიძემ და “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა. ამ უკანასკნელმა ცისკარიშვილი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, რაც ურთიერთშეურაცხმყოფელი კომენტარებით გაგრძელდა.
2 მარტს შეიქმნა 9 ოპოზიციური პარტიის ალიანსი. გაერთიანებაში შედის: ნაციონალური მოძრაობა, თავისუფლების მოედანი, ფედერალისტები, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი – მეტი თავისუფლება, ახალი, დროა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და ევროპული საქართველო. ამ პარტიის ლიდერთა განცხადებით, ისინი საერთო სტრატეგიაზე და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდნენ. მათივე თქმით, ალიანსი მიზნად ისახავს “ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებას, ევრო-ატლანტიკური კურსის აღდგენას და ამ გზით, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის გადარჩენას”.
