ევროკავშირმა ყულევის პორტი სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო.
ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილით აცნობებს.
„საქართველოში მდებარე ყულევის პორტი, რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების პორტში შესვლის გამო, თავდაპირველად შემოთავაზებული იყო სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლო შეყვანისთვის. ეს საწყისი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა აიღეს პოზიტიური ვალდებულებები. მივესალმები თქვენს ვალდებულებას იმის თაობაზე, რომ საქართველო არ მისცემს ევროკავშირის მიერ სანქცირებულ ხომალდებს თავის პორტებში შესვლის ან სერვისების მიღების უფლებას, ასევე, კომპანია „სოკარის“ ვალდებულებას, რომ ის თავის საქმიანობას ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით განახორციელებს, მათ შორის ფასის ზედა ზღვრისა და რუსულ ნედლ ნავთობსა და მისგან დამზადებულ გადამუშავებულ პროდუქტებზე ევროკავშირის იმპორტის აკრძალვების დაცვის გზით“, — წერს დევიდ ოსალივანი მაკა ბოჭორიშვილს.
მისი თქმით, აღნიშნული ვალდებულებები გადამწყვეტი აღმოჩნდა ევროკავშირის მიერ სიტუაციის გადაფასებისთვის და საბოლოოდ განაპირობა ყულევის პორტის არშეყვანა სანქციების მე-20 პაკეტში.
ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა 605 ტანკერი, მათ შორის, სანქციების მე-20 პაკეტში დამატებით 40-მდე ხომალდის შეყვანა იგეგმება.
წერილიდან, ასევე, ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუკავშირდა ევროკომისიას რჩევის თხოვნით ტანკერ M/T TRUVOR-თან (IMO 9676230) დაკავშირებით.
„ვაფასებ იმ ფაქტს, რომ თქვენ ამ ხომალდს საქართველოს პორტში შემოსვლის უფლებაზე უარი უთხარით. ვიმედოვნებ, რომ ოპერაციულ დონეზე კომუნიკაცია გაგრძელდება და ნაყოფიერ თანამშრომლობამდე მიგვიყვანს. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება „ჩრდილოვანი ფლოტის“ გადაადგილებას და მომავალშიც ასე გააგრძელებს“, — წერს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი.
სალივანის თქმით, ევროკავშირის წარმოშობის მქონე საერთო მაღალი პრიორიტეტის საგნების და ეკონომიკურად კრიტიკული მნიშვნელობის საქონლის რეექსპორტის მონიტორინგი და აღკვეთა კვლავ რჩება კავშირის მთავარ პრიორიტეტად.
„ეს ნივთები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო თუ ინდუსტრიული კომპლექსისთვის და მათი სხვა მიმართულებით გადამისამართების თავიდან აცილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ზომების ეფექტურობისთვის. ვაფასებთ ამ მიმართულებით თქვენს უწყვეტ ძალისხმევას და გთხოვთ, მომავალშიც უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული ასეთი მგრძნობიარე საქონლის რუსეთში ტრანზიტის ან რეექსპორტისთვის“, — ნათქვამია წერილში.
სალივანი აფრთხილებს საქართველოს ფინანსური ინსტიტუტებთან დაკავშირებით.
„ევროკავშირს აქვს ინსტრუმენტები სანქცირებულთა სიაში შესაყვანად მესამე ქვეყნების იმ ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტების, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით იყენებენ რუსეთის მიერ შემუშავებულ სპეციალიზებულ ფინანსურ სისტემებს, როგორიცაა ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა (SPFS), სწრაფი გადახდის სისტემა (SBP) და რუსული ეროვნული საგადამხდელო ბარათების სისტემა (MiR), ან უფრო ზოგადად, რომლებიც ახორციელებენ ისეთ ტრანზაქციებს, რომლებიც ხელს უშლის ჩვენს სანქციებს ან მხარს უჭერს რუსეთის საომარ ძალისხმევას. ვიყენებ ამ წერილის შესაძლებლობას და გაფრთხილებთ, რომ ფინანსური ინსტიტუტების იდენტიფიცირების შემთხვევაში, მათ შეიძლება ევროკავშირში ტრანზაქციების განხორციელება აეკრძალოთ. თქვენი ვალდებულება, თავიდან აიცილოთ ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიის გავლით, მომავალშიც მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იქნება და ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ საჭიროების შემთხვევაში, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს სანქციებს ძირი არ გამოეთხაროს“, — ნათქვამია წერილში.
სალივანი ქართულ მხარეს სთავაზობს, ევროკავშირის ტექნიკურმა ექსპერტებმა, რომლებიც რუსეთის სანქციების საკითხებზე მუშაობენ, მოაწყონ ვიდეოკონფერენცია ზემოთ აღნიშნულ ყველა საკითხზე აზრთა გასაცვლელად.
წერილში, რომელიც 5 მარტითაა დათარიღებული, სალივანი ამბობს, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს მალე მიიღებენ. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცება ევროკავშირმა ამ დრომდე უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტოს გამო ვერ შეძლო.
