ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა სატელეფონო საუბრის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან განაცხადა, რომ ნახიჩევანზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულ თავდასხმასთან ირანს კავშირი არ აქვს და შეჰპირდა, რომ “ინციდენტი გამოძიებული იქნება”.  ამის შესახებ ალიევის პრესსამსახურმა ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საუბარი ფეზეშქიანის ინიციატივით შედგა.

“ამასთან, ფეზეშქიანმა ალიევს მადლობა გადაუხადა სამძიმრისთვის, რომელიც მან ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის დაღუპვის გამო გამოხატა, ასევე – ირანისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მზადყოფნისთვის. თავის მხრივ, ალიევმა სამძიმარი გამოთქვა ირანში ბოლო მოვლენების დროს დაღუპული მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის გამო”, – წერს აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედია apa.az.

თუმცა რამდენიმე დღის წინ ირანის პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა მეზობელ სახელმწიფოებს, რომლებიც მისი ქვეყნის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების სამიზნე გახდნენ.

5 მარტს ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ტერიტორიიდან უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, მათ შორის ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოჯთაბა დემირჩილუ, რომელსაც ირანული მხარის მისამართით მკაცრი პროტესტი გამოუცხადეს.