ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა საგანგებო მიმართვისას სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს ბოდიში მოუხადა.

მან განაცხადა, რომ თეირანი შეწყვეტს დარტყმებს მეზობელ სახელმწიფოებზე, თუკი ირანზე თავდასხმები სწორედ ამ ქვეყნების ტერიტორიიდან არ განხორციელდება.

„მე პირადად ვუხდი ბოდიშს იმ მეზობელ ქვეყნებს, რომლებზეც ირანმა თავდასხმა განახორციელა. ჩვენ არ გვაქვს განზრახული მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმა. როგორც არაერთხელ მითქვამს, ისინი ჩვენი ძმები არიან“, — განაცხადა ფეზეშქიანმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

მან ასევე დასძინა, რომ სამკაციანმა მმართველმა საბჭომ, რომელიც დროებით მართავს ირანს, შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, ამიერიდან არ განახორციელონ თავდასხმები ან სარაკეტო დარტყმები მეზობელ ქვეყნებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ამ ქვეყნებიდან ირანზე თავდასხმას ეცდებიან.

„მიმაჩნია, რომ ეს საკითხი დიპლომატიით უნდა გადავწყვიტოთ და არა ბრძოლითა და მეზობელ ქვეყნებთან პრობლემების შექმნით“, — დასძინა ირანის პრეზიდენტმა.

მან სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდა, არ იქცნენ „სათამაშოდ იმპერიალიზმის ხელში“ და გააფრთხილა ისინი, არ დაესხნენ თავს ირანის ტერიტორიას.

მასუდ ფეზეშქიანმა ასევე განაცხადა, რომ ირანი არასდროს დანებდება.

„ჩვენი უპირობო კაპიტულაციის შესახებ ოცნებას ისინი საფლავში წაიღებენ“, — თქვა ფეზეშქიანმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა თეირანთან მოლაპარაკებას მხოლოდ ირანის „უპირობო კაპიტულაციის“ შემთხვევაში გამართავდა.

CNN-ის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, შედის თუ არა პრეზიდენტის მიერ შაბათს დილით გაკეთებული განცხადება ძალაში დაუყოვნებლივ, რადგან მიმართვის შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროების ცაზე საჰაერო იერიშების მოგერიება გრძელდებოდა, ბაჰრეინში კი განგაშის სირენების ხმა ისმოდა.

დუბაის აეროპორტი რამდენჯერმე გახდა დრონებით თავდასხმის ობიექტი. მგზავრთა ცნობით, ადგილი ჰქონდა სულ მცირე ერთ აფეთქებას, ხოლო რამდენიმე დრონი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

კატარმა განაცხადა, რომ მათ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა მოიგერიეს.

ირანის სამხედრო უწყების ცნობით, მათ რაკეტები და დრონები ბაჰრეინსა და კატარში განლაგებული აშშ-ის სამხედრო ობიექტების მიმართულებით გაუშვეს.

მასუდ ფაზეშქიანის ბოდიში მოჰყვა ირანის მიერ სპარსეთის ყურის მეზობელი ქვეყნების თითქმის ერთკვირიან დაბომბვას, რამაც რეგიონის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა და ახლო აღმოსავლეთის დატოვების მსურველ მგზავრთა დიდი ნაკადის წარმოქმნა გამოიწვია.