აზერბაიჯანის ცნობით, ირანულმა დრონებმა ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანეს.

როგორც გამოცემა trend.az იუწყება, ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ერთ-ერთი დრონი სეკერაბადში მდებარე სკოლის მახლობლად ჩამოვარდა.

როგორც apa.az წერს, ერთ-ერთი დრონი აეროპორტის ერთ-ერთ ტერმინალს დაეცა, კიდევ რამდენიმე დრონი სხვა ადგილებში ჩამოვარდა,  ერთი დრონი კი ქალაქ ნახიჩევანში მდებარე სკოლის მახლობლად ჩამოვარდა.

გამოცემის თანახმად, “კონფლიქტის დაწყებიდან აზერბაიჯანი ირანის მიმართ კეთილმეზობლური პოლიტიკის ერთგული რჩებოდა – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ტელეფონით ესაუბრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის და კიდევ ერთხელ გაიხსენა უზენაესი მთავარსარდლის, ილჰამ ალიევის სიტყვები, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არასოდეს იქნება გამოყენებული რომელიმე მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოს, მათ შორის ირანის წინააღმდეგ”.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გახდა ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან მსოფლიო ლიდერთაგანი, რომლებმაც ირანს მიუსამძიმრეს ამ ქვეყნის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობის გამო. ალიევი პირადად მივიდა აზერბაიჯანში ირანის საელჩოში და სამძიმარი გამოთქვა.

აზერბაიჯანი ასევე გახდა ერთ-ერთი იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებიდან, სადაც ირანის ელჩმა შეძლო პრესკონფერენციის გამართვა და თავისი ქვეყნის პოზიციის გამოხატვა.

ამასთან, აზერბაიჯანმა უზრუნველყო ირანთან სასაზღვრო გამშვები პუნქტის ფუნქციონირება, რითაც შესაძლებლობა მისცა როგორც ირანში მყოფ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ისე ირანის მოქალაქეებს, დაბრუნებულიყვნენ საკუთარ ქვეყანაში.

“მიუხედავად ამისა, დღეს „მოლების რეჟიმმა“ სამიზნეთა სიაში შეიყვანა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც აზერბაიჯანის ნაწილია, და დრონებით დაარტყა ქალაქ ნახიჩევანსა და აეროპორტის ტერიტორიას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს „მოლების რეჟიმის“ არსს, მის მტრულ ხასიათსა და უმადურობას.

კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ ირანის რეჟიმს დესტრუქციული ბუნება აქვს, არ აღიარებს არცერთ „წითელ ხაზს“ და არ ესმის კეთილმეზობლობისა და მეგობრობის პოლიტიკა. ამ რეჟიმის ქმედებები აჩვენებს, რომ ის არა მხოლოდ ვერ იაზრებს მეგობრობასა და კეთილ ნებას, არამედ არც საერთაშორისო სამართალსა და სახელმწიფოთა სუვერენიტეტს სცემს პატივს”, – წერს პროსახელისუფლებო გამოცემა apa.az.